იაშვილი ლევან მიხეილის ძე [6(17). VIII. 1772, სანქტ-პეტერბურგი, – 19. 1V. 1836, კიევი], რუსეთის იმპერიის არმიის არტილერიის გენერალი (1819). გენ.-მ. მ. ა. იაშვილის შვილი და გენ.-მ. ვ. მ. იაშვილის ძმა.
1786 დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის საარტილერიო და საინჟ. კადეტთა კორპუსი. რუსეთ-ოსმალეთის ომში (1787–91) იბრძოდა ქ. აკერმანთან, ბენდერისა და კინბურნის ციხესიმაგრეებთან, მონაწილეობდა იზმაილის ციხესიმაგრის შტურმში, 1792–95 – ვარშავისა და პრაღის გარემოცვასა და აღებაში. 1799 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1805–06 მეთაურობდა პირველ ცხენოსან-საარტ. ბატალიონის ასეულს. 1808 მიიღო გენ.-მ. წოდება.
1812 რუსეთის სამამულო ომის დროს იყო პ. ვიტგენშტეინის ცალკე კორპუსის არტილერიის უფროსი. მისმა დანაყოფმა მიიღო „გიორგის სამკლავურები" – წარჩინების განსაკუთრებული ნიშანი. 1831 მიიღო უფლება, ეპოლეტებზე ეტარებინა იმპ. ნიკოლოზ I-ის ვენზელი. მისი პორტრეტი, შესრულებული ინგლ. მხატვრის ჯ. დოუს მიერ, ინახება ზამთრის სასახლის სამხ. გალერეაში.
დაჯილდოებულია წმ. ანდრია პირველწოდებულის, წმ. ანას (I ხარისხი, ალმასებით), წმ. ვლადიმირის (I, II ხარისხი), წმ. ალექსანდრე ნეველის, წმ. იოანე იერუსალიმელის, კომანდორთა ჯვრით, ოქროს ხმლით (ალმასებით), პრუსიის „წითელი არწივის" (I ხარისხი) ორდენით და სხვ.
დაკრძალულია კიევში, ვიდუბიცკის მონასტრის შესასვლელში.
ლიტ.: Гогитидзе М., Грузинский генералитет, К., 2001; მისივე, Военная элита Кавказа (Генералы и адмиралы из Грузии), кн. 1, Тб., 2007.
მ. გოგიტიძე