იაშვილი ლუარსაბ სეითის ძე (31. III. 1907, თბილისი, – 29. X. 1993, იქვე), მევიოლინე, ალტისტი და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1983), საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961), თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის პროფესორი (1947-იდან).
1931 დაამთავრა თბილ. კონსერვატორია (პროფ. ვ. ვილშაუს სავიოლინო კლასი). 1932–35 სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიის ასპირანტურაში (ალტის კლასი, ხელმძღვ. პროფ. ა. სოსინი). 1925– 28 უკრავდა „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების", საოპერო სტუდიისა და რუსთაველის თეატრის ორკესტრებში, 1928–45 – საქართვ. პირველი სახელმწ. სიმებიანი კვარტეტის შემადგენლობაში (ალტი). როგორც სოლისტი და კონცერტმაისტერი სისტემატურად გამოდიოდა საქართვ. სახელმწ. ფილარმონიისა და რადიოს ორკესტრებში.
1935-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. კონსერვატორიასა და ცენტრ. სამუსიკო ათწლედში. ამავე წელს კონსერვატორიაში დააარსა სპეც. ალტის კლასი. მისი მოწაფეები იყვნენ: ი. ლეუსი, ს. აინშტაინი, ჰ. შავერდიანი, გ. მელიქიშვილი, თავისი ქალიშვილები – მარინე, ირინე და ნანა იაშვილები, ალტისტი ა. ბეგალიშვილი. მასთან სწავლობდნენ მომავალი კომპოზიტორები – რ. ლაღიძე, ი. გეჯაძე, შ. შილაკაძე და სხვ. ი. მრავალი მეთოდური ხასიათის შრომის ავტორია. 1967–74 ი. მივლინებული იყო ეგვიპტეში ქ. კაიროს კონსერვატორიის პედაგოგად.
გ. ტორაძე