ისმაილ I-ის ლაშქრობანი საქართველოში

ისმაილ I-ის ლაშქრობანი საქართველოში, ირანის შაჰის მიერ სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრებისა და ოსმალეთის წინააღმდეგ თავისი პოზიციის განმტკიცების მიზნით მოწყობილი ლაშქრობები.

ისმაილ I-მა სხვა­და­სხვა საბაბით რამდენჯერმე ილაშქრა სა­ქარ­თველო­ში. შაჰად გახდომამდე, 1500 შე­მო­დგო­მაზე, ბასიანიდან სა­ქართვე­ლო­ში გაგზავნა ხოლეფა-ბეგი. ყიზილბაშებმა სამცხე-საათაბაგო დაარბიეს და დიდი ნადავლი იგდეს ხელთ.

1516 სამცხის მთავარ ყვარყვარე III ჯაყელს აუჯანყდა ბიძა მანუჩარი და ძმისწულს ტახტი წაართვა. ყვარყვარემ დახმარებისათვის ისმაილ I-ს მიმართა. ყიზილბაშები დივ-სულთნის მეთაურობით სამცხეს შეესივ­ნენ, მანუჩარი ოსმალეთში გაიქცა. დივსულთანმა თმოგვის ციხე აიღო და ყვარყვარე III-ს თავისი უფლებები აღუდგინა.

1518 მანუ­ჩარი ოსმალთა ჯარით სამცხეს შეესია, მაგრამ დამარცხდა. დივ-სულთანი ისევ შემოიჭრა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ოდიში დაარბია და უკან გაბრუნდა. რადგან მანუჩარი ბრძოლას განაგრძობდა, ყვარყვარე III-მ ­კვლავ ისმაილ I-ს სთხოვა დახმარება და დივ-სულთნის სარდლობით გამოგზავნილ ლაშქარს წამოუძღვა საქარ­თვე­ლო­ში. ყიზილბაშებმა გორი და სურამი აიღეს.

1521 კა­ხეთის მეფე ლევანმა შაქი დაარბია. ამის საპასუხოდ ისმაილ I-მა საქარ­თვე­ლო­ში ­კვლავ დივ-სულთანი გამოგზავნა, რ-მაც გრემი და ზაგემი დაარბია. ლევანი ყიზილბაშებს დამორჩილდა და ვასალობა აღიარა. ამ ლაშქრობათა მიუხედავად, ისმაილ I-მა ვერ შეძლო სა­ქარ­თველოს დაპყრობა.

წყარო: ჰასან რუმლუს ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ვლ. ფუთურიძის გამოც., შენიშვნები რ. კიკნაძისა, თბ., 1966.

ლიტ.: კ ა ც ი ტ ა ძ ე  დ., ირან-საქარ­თვე­ლოს ურთიერთობის ისტორიიდან (შაჰ-ისმაილ I-ის სა­ქარ­თვე­ლოში ლაშქრობის საკითხისათვის), «თსუ შრომები», 1964, ტ. 108; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1966.

რ. კიკნაძე