იორდანიშვილი სოლომონ გიორგის ძე

იორდანიშვილი სოლომონ გიორგის ძე (24. X. 1898, თელავი, – 26. IX. 1953, თბილისი), ენათმეცნიერი, ლექსიკოლოგი, ლიტე­რა­ტუ­რის ისტორიკოსი, რუსთველოლოგი, მთარგმნელი.

სამწერლო ასპარეზზე გა­მო­ვი­და 1915 ჟურნ. „თეატრსა და ცხოვრებაში" ს. კაეშნი­შვი­ლის ფსევდონიმით. თანამშრომლობდა ქართ. პერიოდულ გამოცემებთან როგორც რუს. ენიდან მთარგმნელი. 1926 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (საენათმეცნიერო განხრით). 1935–38 მუ­შა­ობ­და შოთა რუს­თაველის სახ. ქართ. ენისა და ლიტ-რის ინ-ტში მეცნიერ თანამშრომლად, კითხულობდა ლექციებს უნ-ტში ძვ. ქართულ ლიტ-რასა და რუსთველოლოგიაში, ასწავლიდა სანსკრიტს აღმოსავლეთმცო­დნეობის ფაკ-ტზე (1945), იყო „ვეფხის­ტყაოსნის" ტექსტის ­დამდგე­ნი კომისიის წევრი-მდივანი (1935–37). 1945-იდან განაგებდა სამუზეუმო სექტორს, ამავე წლიდან მუ­შაობ­და სა­ქართვ. მეცნ. აკად. ენის ინ-ტის ლექსიკოლოგიის განყ-ბაში.

1945 მი­ე­ნი­ჭა ფილოლ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი ნაშრო­მისათვის «„ვეფხისტყაოსნის" ბალმონტის­მიერი რუსული თარგმანი» (ცალკე წიგნად დაიბეჭდა 1964). ი-მა მრავალი ნა­შრომი მიუძღვნა „ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერებსა და ტექსტის დადგენის საკითხებს. საგანგებო წერილით არკვევდა პოემის ევრ. ენებზე თარგმანების ავკარგიანობას – განხილული აქვს ფრანგ. (მ. ბროსე, ი. მეუნარგია), გერმ. (ა. ლაისტი), ინგლ. (მ. უორდროპი), პოლონური (ს. ლაფჩინსკი), უნგრული (ბ. ვიკარი) თარგმანები; შეისწავლა „ვეფხისტყაო­სნის" მ. ბაჟანისეული (უკრ. ენაზე) და მ. შავლოხოვისეული (ოსური) თარგმანები. მის მიერ შე­სრულებული „ვეფხის­ტყაოსნის" რუს. პწკარე­დი (1933, გამოქვეყნდა 1966) ლათ. ტრანსკრიფციითა და ­ყოველი ტაეპის პროზაული თარგმანით საფუძვლად დაედო პოემის მხატვრულ თარგმანებს რუს. და უცხ. ენებ­ზე. 1938 ე. ორბელიანთან ერ­თად ფრანგულად თარგმნა „ვეფხის­ტყაო­სანი" (გამოქვეყნდა 1977). 1938 მოსკოვში გა­მო­ვი­და „ვეფხისტყაოსნის" მ. უორდროპისეული თარგმანი ე. ორბელიანისა და ი-ის მიერ შევსებული, მათივე რედაქციით. 1948 გამოაქვეყნა პოემის ჩანართ-დანართი სტროფები.

აღსანიშნავია ი-ის სიტყვასიტყვი­თი თარგმანები გერმ. („ნიბელუნგები", 1934), ფრანგ. („სიმღერა როლანდზე", 1942), ინდური („რამაიანა", 1943) ეპოსის ძეგ­ლებისა; დ. გურამი­შვი­ლის თხზუ­ლებათა სიტყვასიტყვითი თარგმანი რუს. ენაზე (1938), „ვისრამიანის" რუს. თარგმანი (გამოიცა 1949, 1960, 1989).

ი-მა ა. ბარამიძესთან ერთად მეცნიერულად შეისწავლა და გამოსცა დ. გურამი­შვი­ლის „დავითიანი" (1931), რ-საც ლექსიკონი დაურთო (გ. ლეონიძესთან ერთად); „შაჰნავაზიანი" (1935), გ. ლეონიძისა და ი-ის რედაქციით, ლექსიკონი და საძიებელი შეადგინა ი-მა. ი-ის რედაქციით, წინასიტყვაობითა და კომენტარებით გამოიცა ს.-ს. ორბე­ლიანის თხზულებები: „სიბრძნე-სი­ცრუისას" რუს. თარგმანი (1939), „მოგზაურობა ევროპაში" (1940, დაურთო ლექსიკონიც) და ­„სიტყვის კონა" (1949). გამოსცა ასევე ესოპეს იგავები (1944), თეიმურაზ ბატონი­შვილის (ბაგრატიონი) ნაწარმოებები (1945, 1947, 1948). ი-მა სპეც. წერილები და რეცენზი­ები მიუძღვნა ვაჟა-ფშაველას ლიტ. მე­მკვიდრე­ო­ბის გამოცემისა და თარგმანის საკითხებს. 1930 გამოაქვეყნა სტატია „ვაჟას ენის შე­სა­ხებ" (დრო­შა, №13); რუსულიდან ქართულად თარგმნა რ. დანიბეგა­შვილის „მოგზაურობა ინდოეთში" (1950), დაურთო წინასიტყვაობა და დამატებანი შენიშვნებითურთ. გ. ­ახვლედიანთან ერთად გამოსცა ­„რუსულ-ქართული ლექსიკონი", ორ­ტომეული (1931–35), ს.-ს. ორბელიანის „ქართული ლექსიკონის" ერთ-ერთი ხელნაწერი (1949) და სხვ. 1930–35 მონაწი­ლეობდა ქართ. სამეცნ. ტერმინოლოგიის შემუშავებაში. მისმა გამოკვლევამ „ქართული კომპოზიტების ­დაწერილობისათვის" დაადგინა სა­ვალდებულო ნორმები რთულფუძიან სიტყვათა ­ორთოგრაფიაში (1934).

თხზ.: ნარკვევები ქართული ლი­ტერა­ტუ­რის ისტორიიდან (შეადგინა შ. ძიძიგურმა), თბ., 1953; ნარკვევები, თბ., 1964.

ლიტ.: გ რ ი გ ო ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ლ., სოლო­მონ იორდანი­შვი­ლი – რედაქტორ-გამომცემელი, «მაცნე». ენისა და ლი­ტერა­ტუ­რის სერია, 1981, №2; სოლომონ იორდანი­შვი­ლი. ლი­ტე­რა­ტუ­რის ბიბლიოგრაფიული საძიებელი, ­შემდგ. ე. იორდანი­შვი­ლი, თბ., 1974.

ლ. იორდანი­შვი­ლი