იობი, ქართლის ეკლესიის მეთაური (ეპისკოპოსი) IV ს. შუახანებში.
„მეფეთა ცხოვრების" ავტორის ცნობით, „მოკუდა იაკობ ეპისკოპოსი, და დაჯდა იობ სომეხი, ნერსე კათალიკოსისა დიაკონი". ი-ის წარმომავლობის შესახებ მკვლევრები სხვადასხვა აზრისანი არიან. იგი მიჩნეულია „მცხეთის ადგილობრივი სომხური თემის წარმომადგენლად" (ჰ. მურადიანი), ეროვნებით ქართველად, რ-იც ქართლის ეკლესიის მეთაურად ხელდასხმამდე სომხეთში მოღვაწეობდა (გ. მაისურაძე). IV ს. შუახანების ქართლში შექმნილი მძიმე პოლიტ. ვითარების გამო ქართლის ეპისკოპოსად იგი ნერსე სომეხთა ეპისკოპოსმა აკურთხა. „მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკის შატბერდულ რედაქციაში იობის სომხობაზე არაფერია ნათქვამი და მითითებულია, რომ „ნერსე სომეხთა კათალიკოსის დიაკონი იობ" ქართლის „მთავარეპისკოპოსი" თრდატ მეფის დროს იყო.
წყარო: ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; „მოქცევაჲ ქართლისაჲ", შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილის და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979.
ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ., 1992; მ ი ს ი ვ ე, IV ს. 60-იანი წლების ქართლის სამეფოს პოლიტიკური ისტორიიდან, კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, VI, თბ., 1990.
ვ. გოილაძე