ევლახიშვილი სერგო სერგოს ძე (6. XI. 1924, თბილისი, – 2004, მოსკოვი), რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967). დაამთავრა თბილ. კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობთა სასწავლებელი (1942), მოსკ. ვახტანგოვის სახ. თეატრთან არსებული ბ. შჩუკინის სახ. თეატრ. სასწავლებელი (1950) და ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწ. ინ-ტი (1955). 1954-იდან იყო მოსკ. ვ. კომისარჟევსკაიას სახ. თეატრის რეჟისორი და მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: „უჩინარი იანი" (სტუდენტი, 1942), „შიპკის გმირები" (ვარშინი, 1954) და სხვ. 1960-იდან მუშაობდა საქართვ. ტელევიზიის მთ. რეჟისორად. გადაიღო ქართ. სატელევიზიო ფილმები: „გამზრდელი" (1961), „ექიმი მიდის ფეხბურთზე" (1962), „ანკესი და სეინერი" (1962), „მე თვითონ" (1966), „მიხაი ზიჩი" (1967, უნგრელ. რეჟ. ი. მატესთან ერთად) და სხვ. 1968-იდან საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში. წლების განმავლობაში იყო ცენტრ. ტელევიზიის ფერად გადაცემათა სტუდიის მთ. რეჟისორი. დადგა ტელესპექტაკლები, გადაიღო ფილმ-სპექტაკლები და ფილმები, მ. შ. „ჰამლეტი" (1970, ფილმ-სპექტაკლი), „პოეტის დაბადების დღე" (1973), „ოდესღაც კალიფორნიაში", „მარტინ იდენი" (ორივე 1976), „გრძელი დღეების თვე" (1978), „რისხვა" (1979), „ტროპინინები" (1984), „რევოლუციისათვის მოწოდებული" (1986), „პორტრეტი" (1987) და სხვ. 1987–2004 იყო მოსკოვის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინ-ტის საეკრანო ხელოვნების კათედრის პროფესორი.
ა. გვენცაძე