დიმიტრი მიტროპოლიტი, (ერისკაცობაში – დავით ილარიონის ძე ი ა შ ვ ი ლ ი) (15. XII. 1872, სოფ. საქობო, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 22. VII. 1961), სასულიერო მოღვაწე.
1888–96 სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში, 1896–98 მსახურობდა მართლმადიდებლური აღმსარებლობის უწყებათა სკოლების მასწავლებლად, 1898 ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა სოფ. საქობოს ეკლესიის წინამძღვრად. პარალელურად ასრულებდა სიღნაღის ეპარქიული სასწავლებლის საბჭოს თავ-რის მოვალეობას.
1912 გადაიყვანეს თბილ. მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვრად და აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1952 აღიკვეცა ბერად. იმავე წელს ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდის ეპისკოპოსად და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
1958-იდან ბოდბისა და ალავერდის მიტროპოლიტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის წერილობითი განკარგულება საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაყდრედ ურბნელი მიტროპოლიტის დავითის (დევდარიანი) გამოცხადების შესახებ, დ. მ-მა მელქისედეკ III-ის გარდაცვალების შემდეგ წმ. სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ ბათუმ- შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ეფრემის (სიდამონიძე) კანდიდატურა წამოაყენა, რასაც მხარი დაუჭირა სინოდის წევრთა უმრავლესობამ.
დ. მ-ს ეკუთვნის ისტ. ჟანრის მოთხრობები, ნოველები, ქადაგებები, რომელთა უმრავლესობა დაცულია ი. გრიშაშვილის არქივსა და გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმში.
მიღებული აქვს სხვადასხვა სას. ჯილდოები.
დაკრძალულია თბილ. პეტრე-პავლეს ეკლესიაში.
ლიტ.: ვ ა რ დ ო ს ა ნ ი ძ ე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010; ჟ ვ ა ნ ი ა ზ., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994; Журнал Московской Патриархии, 11, М., 1961.
თ. მარგველაშვილი