დიმიტრი ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (XVIII ს. ბოლო – XIX ს. 40-იანი წწ.), იულონ ბატონიშვილის ძე, ერეკლე II-ის შვილიშვილი. 1832 შეთქმულების აქტიური მონაწილე.
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ მშობლებთან ერთად რუსეთს გადაასახლეს. ცხოვრობდა პეტერბურგსა და მოსკოვში. XIX ს. 20-იან წლებში დ. ბ-ის სახლში თავს იყრიდნენ ქართვ. ოფიცრები. მის სალონში აღმოცენდა 1832 შეთქმულების მომზადების იდეა (იხ. შეთქმულება 1832 წლისა).
დ. ბ-ის აზრით, ცარიზმმა დაარღვია საერთაშ. სამართლის ნორმები, გააუქმა გეორგიევსკის 1783 ტრაქტატი და ცალმხრივი აქტით (მანიფესტი) თვითნებურად შეიერთა ქართლ-კახეთის სამეფო; მიაჩნდა, რომ გარეშე ძალის გამოყენებით (ინგლისი, საფრანგეთი და სხვ.) შესაძლებელი იყო ზეგავლენის მოხდენა ცარიზმზე, რათა აეძულებინათ იგი, აღედგინა ქართლ-კახეთის სამეფო 1783 ტრაქტატის უფლებრივ ნორმათა საფუძველზე.
დ. ბ. ოქროპირ და თამარ ბატონიშვილებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა შეთქმულთა საზ-ბის საქმიანობაში.
შეთქმულების დამარცხების შემდეგ ბატონიშვილის (რუს. ცარევიჩის) ტიტული ჩამოართვეს.
ლიტ.: გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., 1832 წლის შეთქმულება, ტ. 1–3, თბ., 1935;
ა. ბენდიანიშვილი