დოლიძე გიორგი (გოგი) გალაქტიონის ძე (დ. 20. IV. 1934, ქ. ქუთაისი), კინომცოდნე, კინორეჟისორი, ლიტერატორი, ჟურნალისტი. პროფესორი (1992). ნ. ნიკოლაძის სახ. პრემიის ლაურეატი (2002).
1959 დაამთავრა თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტის ინგლ. და ფრანგული ენების ფაკ-ტი. 1961–70 მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში. 1970-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში.
1992–2005 ამავე ინ-ტის პრორექტორი იყო. მისი რეჟისორობით 1981– 87 აღდგენილია 18 ძვ. ქართ. მხატვრული ფილმი, მ. შ. ა. წუწუნავას „ორი მონადირე", „ხანუმა", კ. მარჯანიშვილის „ამოკი", „კრაზანა", „კომუნარის ჩიბუხი"; მ. ჭიაურელის „საბა"; დ. რონდელის „უგუბზიარა"; მ. გელოვანის „ნამდვილი კავკასიელი"; ორად ორი შემორჩენილი ფილმი ლ. მესხიშვილის მონაწილეობით: „შურისმაძიებელი ღმერთი" და „ორლოვების ოჯახის სირცხვილი".
გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. და კრიტიკული წერილები ქართ. კინოს ისტორიის საკითხებზე. ნათარგმნი აქვს მარკ ტვენის „იუმორისტული მოთხრობები და პამფლეტები", მაინ რიდის „ოკეანეში დაკარგული" და სხვ. 2005-იდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახ. სრულიად საქ. „ჩოხოსან რაინდთა დასის" გამგეობის თავ-რე და საზოგადოების ჟურნალ „რაინდის" გამომცემელი და მთ. რედაქტორია.
თხზ.: მაიაკოვსკი და კინო, თბ., 1968; ქართული კინო გუშინ და დღეს, თბ., 1986; აკაკის მოგზაურობა-90. „ფილმი, ეპოქა, ადამიანები", თბ., 2002; ორი წელი ერთ გაზეთთან – გოგი დოლიძე და „რეზონანსი", თბ., 2004 (წერილების კრებული).
ზ. მანაგაძე