ელენე (გ. 1695), ქართლის დედოფალი, თეიმურაზ I-ის ძის, დავით ბატონიშვილის მეუღლე, ერეკლე I-ის დედა, ცნობილი მოღვაწის ლუარსაბ (ლეონ) დიასამიძის ასული. დიპლომატი, ქველმოქმედი. 1650 დაქვრივებული ე. დიდი ამალით რუსეთში გაჰყვა ერეკლე (რუსეთში ნიკოლოზ) ბატონიშვილს. 1651 ასტრახანში ჩავიდა, 1652 – მოსკოვში, სადაც შვილს კარგი განათლება მიაღებინა. თავისი ტაქტით, დიპლ. ნიჭით ე-მ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა რუს. სამეფო კარზე, შვილი დაუახლოვა სამეფო კარს და ნარიშკინთა საგვარეულოს. იღვწოდა შვილის იმერეთში, შემდეგ კი კახეთში გასამეფებლად. მოსკოვში ხანგრძლივი ყოფნის დროს ხელი შეუწყო ქართ. კულტურის პოპულარიზაციას რუსეთში. 1678 მრავალი საეკლ. ნივთი, კერძოდ ხატი, „გარდამოხსნა" და საქართველოში გამოგზავნა. მოსკოვიდან სპარსეთში ჩავიდა. შაჰის კარზე ხელი შეუწყო ერეკლე I-ის კახეთში გამეფებას. ერეკლეს ქართლში მეფობისას ე. სამშობლოში მოღვაწეობდა. დაკრძალულია ალავერდის მონასტერში.
ფ. სიხარულიძე