ელენე

ელენე (XVII ს. 80-იანი წლები, – 27. IV. 1749, მოსკოვი), ქართლის დედოფალი, მეფე იესეს მეუღლე, ერეკლე I -ის ასული, დაიბადა სპარსეთში. 1691-იდან ცხოვრობდა საქართველოში. კახეთისა და ქართლის სამეფოთა კავშირის განმტკიცების მიზნით იგი მეფე იესეზე დააქორწინეს 1715 ოქტ-ში. ე. იყო სამშობლოსა თუ უცხოეთში არსებულ ქართ. კულტ. ძეგლთა დიდი ქომაგი და მზრუნველი. მან 1716 წყალობის სიგელით სიონის ტაძარი გაათავისუფლა გადასახადისგან, რ-საც ეკლესია ქართლის დედოფალს უხდიდა. თავისი ფულადი შემოსავლის მეათედი მან დოდოს მონასტერს (იხ. დოდორქა) დაუნიშნა, ამასთან ამ კერის ტაძრებს საეკლ. ინვენტარით, სამშენებლო მასალითა და ხელოსნებით დაეხმარა. მისი დაკვეთით მრავალი ხელნაწერი გადაინუსხა. ყურადღებას არ აკლებდა იერუსალიმში და სხვაგან არსებულ კულტ. კერებს. 1718 შეეძინა ვაჟი, თეიმურაზი (შემდეგში კათოლიკოსი ანტონ I), რ-საც იგი სამეფოდ ამზადებდა. ამ განზრახვის შესასრულებლად მონაზვნად შემდგარი ე. ვაჟთან ერთად რუსეთში გაემგზავრა; 1738 ასტრახანში ჩავიდა, მაგრამ აქედან მოსკოვში გამგზავრება გაჭიანურდა და თეიმურაზი სამშობლოში დაბრუნდა, ე-მ კი მოსკოვში ჩასვლა მაინც მოახერხა, სადაც 1739-იდან მამიდაშვილის დარეჯან ბატონიშვილის (არჩილ II-ის ასული) სახლში ცხოვრობდა. მალე რუს. იმპერატორის ბრძანებით მას საცხოვრებლად მიუჩინეს ნოვოდევიჩის მონასტერი. აქ შეიტყო იმერეთში გადასული თეიმურაზის ბერად აღკვეცის ამბავი, რამაც ძლიერ დაამწუხრა. ანტონ I-ის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის შემდეგ ე-მ გამოუგზავნა საკუთარი ხელით მოქსოვილი და მორთული, ძვირადღირებული საპატრიარქო ქუდი. ე. რუსეთიდანაც არ აკლებდა მზრუნველობას დავითგარეჯასა და კულტ. სხვა ცენტრებს. 1745 ანტონ I-მა მოსკოვს წარგზავნა ბერი ზენონი და გიორგი ბატონიშვილს (ვახტანგ VI-ის ძე) სთხოვა დახმარება დედის სამშობლოში გამოსამგზავრებლად. მისი დაბრუნება არ მოხერხდა, რადგან მალევე გარდაიცვალა. დაკრძალულია დონის მონასტერში.

ფ. სიხარულიძე