ალექსანდრე I [12 (23). XII. 1777, სანქტ-პეტერბურგი, – 19. XI (1. XII). 1825, ტაგანროგი], რუსეთის იმპერატორი (1801–25).
ა.ტახტზე ავიდა, როცა სასახლის შეთქმულების შედეგად მოკლეს მამამისი პავლე I. მეფობის პირველსავე წლებში გაატარა ე. წ. ფარული კომიტეტის მიერ შემუშავებული ზომიერი ლიბერ. რეფორმები და მ. სპერანსკის სახელმწ. რეფორმათა ზოგიერთი პროექტი (მის დროს დაარსდა სამინისტროები და მინისტრთა კომიტეტი, გამოიცა ბრძანებულება თავისუფალ მხვნელ-მთესველთა შესახებ. გაიხსნა პეტერბ., ხარკოვისა და ყაზანის უნ-ტები და სხვ.). საგარეო პოლიტიკაში ა. I თავდაპირველად მოქნილად მოქმედებდა, 1801 დადო სამშვიდობო ხელშეკრულება ინგლისთან და საფრანგეთთან. 1805–07 ის უკვე ანტიფრანგულ კოალიციებში მონაწილეობდა. აუსტერლიცთან (1805) და ფრიდლანდთან (1807) დამარცხების შემდეგ ხელი მოაწერა ტილზიტის ზავს. 1812 რუს. სამამულო ომის მსვლელობისას ა. I-მა არმიის მთავარსარდლად მ. კუტუზოვი დანიშნა. 1813–14, მ. კუტუზოვის სიკვდილის შემდეგ, თვითონ ჩაუდგა სათავეში ევრ. სახელმწიფოთა ანტიფრანგულ კოალიციას. იგი იყო ვენის კონგრესისა და საღვთო კავშირის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. ა. I-ის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს დაპყრობა. 1801 წ. 12 სექტ. მანიფესტით მან რუსეთის იმპერიას შეუერთა ქართლ-კახეთის სამეფო და იქ რუსული მმართველობა დაამყარა. ამიერიდან საქართველო შევიდა რუსეთის იმპერატორთა ტიტულატურაში. ეს იყო რუსეთ-საქართველოს 1783 ხელშეკრულების დარღვევა და ქვეყნის ანექსია. 1805–10 ა. I-მა შეიერთა დას. საქართველო და სამხრ. კავკასიის მუსლ. სახანოები, 1809 – ფინეთი, 1812 – ბესარაბია. სიცოცხლის ბოლო წლებში ა. I მისტიციზმით იყო შეპყრობილი. მოულოდნელად გარდაიცვალა ტაგანროგში.