იოანე II, ტრაპიზონის მეფე (1266–97).
ბიზანტიის კეისარმა მიხეილ პალეოლოგოსმა ტრაპიზონის სამეფოს თავისი პოლიტ. გავლენის ქვეშ მოქცევის მიზნით ი. II-ს ქალიშვილი შესთავაზა თანამეცხედრედ, მოტყუებით კონსტანტინოპოლში ჩაიყვანა და განუცხადა, რომ მას უფლება არ ჰქონდა თავისი თავისთვის კეისარი ეწოდებინა და კეისრისათვის განკუთვნილი შესამოსელ-ნიშნები გამოეყენებინა. ტრაპიზონის საკეისროს, რ-ის მოსახლეობა უმთავრესად ქართველური ტომის – ლაზების ანუ ჭანებისაგან – შედგებოდა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. 1282 აპრილში საქართვ. მეფემ, დავით VI ნარინმა, ილაშქრა ტრაპიზონის სამეფოში და, თუმცა ტრაპიზონის აღება ვერ შეძლო, საკეისროს დიდი ნაწილი დაიპყრო. 1284 საქართველოში გათხოვილი ი. II-ის და – თეოდორა – დავით VI-ის ჯარის დახმარებით ტრაპიზონში შეიჭრა და კეისრის ტახტი დაიკავა. საკეისრო საქართველოს პოლიტ. გავლენის ქვეშ მოექცა, მაგრამ შემდეგში ვითარება შეიცვალა და ი. II-მ ხელისუფლება დაიბრუნა.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.
ლ. მანიავა.