ინწობა

ინწობა, ს ა ბ უ ე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტ­რო კომპ­ლექ­სი.

მდებარეობს სოფ. საბუედან (ყვარლის მუნიციპალიტეტი) 6–7 კმ-ზე, მდ. ინწობის (ალაზნის ­მარცხ. შენაკადი) ნაპირას. კომპლექსში შედის VIII–IX სს. ნათლისმცემლის სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის ტაძა­რი, მასზე სამხრ-იდან მიშენებული სამსართულიანი კოშკი, ქვის ზღუდის ფრაგმენტები, გალავნის სამხრ. ნაწილში ჩართული ორსართულიანი კოშკი, რ-ის პირველი სართული კარიბჭეა, და ­სხვა­და­სხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. გალავნის გარეთ შემორჩენილია სათოფურებით აღ­ჭურვილი კოშკის ნანგრევები.

ეკლესია ნაგებია თანაბარი ­ზომის უხეშად დამუშავებული ქვით, ასე­ვე გამოყენებულია აგურიც. საკურთხევლის კუთხეები და სარკმლის გარეთა ღიობი გამოყვანილია შირიმით. აფსიდით დასრულებული მთავარი ეკლესიის ვიწრო და მაღალი, გეგმით წაგრძელებული შუა ნავი უშუალოდ უკავშირ­დება სამსხვერპლოსა და სადიაკვნეს. მთავარ ეკლესიას სამხრ-ით და დას-ით ორი შესასვლელი აქვს. შენობის დას. ნაწილში განიერი დერეფანია, რ-იც გვერდის ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებს. სამხრ. ეკლესიას სამხრეთიდან აქვს ორმალიანი თაღოვანი შესასვლელი, რ-ის ნალისებრი ფორმის თაღები მათ შორის აღმართულ სვეტს ეყრდნობა.

ეკლესია შიგნიდან მოხატული ყოფილა (შემორჩენილია მხატვრობის კვალი).

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 1-I , თბ., 2013.