იმიგრაცია საქართველოში

იმიგრაცია საქართველოში სა­ყოველთაო აღწერით 2014 სა­ქართვ. მოსახლეობის 5%-ს შეადგენენ იმიგრანტები, მ. შ. 51,9% მამაკაცია, 48,1% – ქალი. იმიგრანტთა 77,4% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო 22,6% – სოფელში. მათი 45,5% ცხოვრობს თბილისში, 12,9% – იმერეთში, 11% – ქვემო ქართლში, 7,2% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7,1% – კახეთში, 5,5% – აჭარაში და ა. შ. იმიგრანტთა 51,6%-თვის წინა საცხოვრებელი ქვეყანა რუსეთი იყო, 8,3%-თვის – საბერძნეთი, ხოლო 8,1%-თვის – უკრაინა.

ქვედა პალეოლითის ხანიდან დედამიწაზე ხალხთა გადაადგილებას მასობრივი ხასიათი ჰქონდა. მიგრაციული პროცესები ინტენსიური იყო საქართვ. ტერიტორიაზეც, თუმცა გლობალური ეთნიკური ძვრები ამას არასდროს გამოუწვევია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტად მრავლდებოდა. მრავალეთნიკურ საქართველოში მიგრაციული პროცესის შედეგად სხვადასხვა ეთნოსის გაჩენას სხვადასხვა ისტორია და წინაპირობა აქვს.

ებრაელების საქართველოში შემოსვლას „ქართლის ცხოვრება“ ძვ. წ. VI ს-ში ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას უკავშირებს. ლეონტი მროველის ცნობით, ებრაელი იმიგრანტები ქართლში, კერძოდ, მცხეთის მახლობლად ხერკში (საგურამოში) დასახლებულან. ვახუშტი ბატონი­შვი­ლი თვლიდა, რომ ებრაელები საქართველოში უფრო ადრე, კერძოდ, ძვ. წ. VIII ს-შიც ჩამოსახლდნენ. მათი შემოსვლა შემდგომაც გრძელდებოდა. ქართლის მოქცევის ქრონიკების მიხედვით, ებრაელები მცხეთაში ძვ. წ. 169 მოსულან. ისინი VI ს-ში ბიზანტიის გავლით დამკვიდრდნენ როგორც დას., ასევე აღმ. საქართველოში. XIX ს. დასაწყისში შემოდიან ასევე ირანიდან, ერაყიდან და თურქეთიდან. ამავე პერიოდში საქართველოში სახლდებიან რუსეთიდან და ევროპიდან გადმოსახლებული ებრაელებიც.

რუსეთის იმპერიაში 1897 ჩატარებული საყოველთაო აღწერით საქართველოში 12,2 ათ. ებრაელი ცხოვრობდა: თბილ. გუბერნიაში – 5188, ხოლო ქუთ. გუბერნიაში – 7006. 1926 აღწერით კი ცხოვრობდა 30,2 ათ. ებრაელი. ებრაელების ყველაზე დიდი რაოდენობა 1970 მონაცემებით დადასტურდა – 55,4 ათ., 1989 აღწერით – 24 ათ., ხოლო 2014 მონაცემებით – დაახლ. 3 ათ.

სომხები საქართველოში, ლეონტი მროველის ცნობით, ძვ. წ. IV–III სს-მდე სახლობდნენ, ძირითადად სამხრეთის საზღვრისპირა რაიონებში. საქართველოში სომხური მოსახლეობის ი-ის პირველი გააქტიურება დაკავშირებულია ქრისტ. სარწმუნოების მიღებასთან და მცხეთასთან, რ-იც წმ. ნინოს მოღვაწეობით, სამხრ. კავკასიაში ქრისტ. რელიგიის უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა. VII ს-მდე ქართლის ცენტრ. რ-ნებში სომხური დასახლებები არ იძებნება. შემდგომ საუკუნეებში მათ საქართველოში შემოსვლას არაბთა შემოსევებმაც შეუწყო ხელი, თუმცა მათი მეტ-ნაკლებად მასობრივად შემოსვლის შე­სა­ხებ ცნობები არ მოიპოვება. სომეხ იმიგრანტთა ერთი ნაწილის საქართველოში ჩამოსახლების შე­სა­ხებ პირველი ცნობა უკავშირდება დავით აღმაშენებლის ღონისძიებებს შიდა ქართლში სამოქალაქო ცხოვრების ასაღორძინებლად. სომეხთა ერთი ნაწილი მან გორში, ხოლო თბილისის აღების (1122) შემდეგ მრავალი ანისელი სომეხი თბილისშიც დაასახლა. ეკონ. მოსაზრებებით, 1779 ერევანზე ლაშქრობისას ერეკლე II-მ რვა სომხური სოფელი აყარა და საქართველოში ჩამოასახლა. მათი შემოსვლის ახალი დიდი ტალღა XIX ს-ში იწყება. 1804 თბილისში 2 ათასზე მეტი სომეხი გადმოსახლდა. მათი განსაკუთრებით ინტენსიური ჩამოსახლება განაპირობა რუსეთის კოლონიზატორულმა პოლიტიკამ და ის 1829–31 განხორციელდა სამცხე-ჯავახეთში. აქ, ანდრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, რუსეთისათვის გადაცემული თურქეთის ტერიტ-იდან აყრილი 25 ათ. სომეხი ჩამოასახლეს. სომხების გადმოსახლება მთელი XIX და XX სს. განმავლობაში გრძელდებოდა. მხოლოდ 1897– 1902 55 ათ. ლტოლვილი სომეხი შემოვიდა. ასევე დიდი რაოდენობით ჩამოასახლეს სომხე­ბი 1914– 18 და XX ს. 30-იან წლებშიც. ამ პერიოდში სომხების რაოდენობა საქართველოში 108 ათასით გაიზარდა, რაც, ძირითადად, სომეხ იმიგრანტთა შემოსვლით იყო გამოწვეული. 2014 აღწერით საქართველოში 168,1 ათ. სომეხი ცხოვრობს.

აზერბაიჯანელების წინაპარი მომთაბარე ტომების საქართველოში შემოსვლა XV ს-იდან დაიწყო და ის ირანელი და თურქი დამპყრობლების მიერ სამხედრო-პოლიტ. მოსაზრებებით ხორციელდებოდა. ამ პერიოდში თავდასხმებით აოხრებული მიწები ადგილ. ქართ. მოსახლეობისაგან დაიცალა და მათ ნაცვლად მომთაბარე მეჯოგე ტომები – ელები დასახლდნენ. მაგ., 1478 ირანის შაჰმა ქართლში დიდი რაოდენობით ელები დატოვა. ასეთ ძალადობრივ ჩამოსახლებას სხვა შაჰებიც ახორციელებდნენ. ყველაზე დიდი იყო XVII ს. დასაწყისში შაჰაბასის მიერ განხორციელებული ჩამოსახლება. ვახუშტი ბატონი­­შვი­ლის ცნობით, მან ქვემო ქართლის დებედის ხეობიდან ადგილ. მოსახლეობა აყარა და ტერიტორია მთლიანად ბორჩალუს ელებით დაასახლა: „მოიყვანნა ელნი ბორჩალუ და დასხნა აქა, და ამით ეწოდა ბორჩალუ". მოგვიანებით, თურქმანულმა და თურქულმა მომთაბარე ტომებმა თანდათანობით ქართლის შიგნითაც გადაინაცვლეს, რის შედეგადაც შულავრისა და ფოლადაურის ხეობებში მათი არაერთი სოფელი გაჩნდა. ძირითადად სწორედ ეს გარემოება გამოიყენა რუსეთის იმპერიამ XIX ს-ში და კოლონიზატორული მოსაზრებებით თბილ. მაზრაში თავდაპირველად ბორჩალოს დისტანცია შექმნა, შემდეგ თბილ. გუბერნიაში – ბორჩალოს მაზრა (1880), ცენტრით დიდ შულავერში (ის მოიცავდა წალკას, თეთრ წყაროს, დმანისს, ბოლნისს, მარნეულს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსაზღვრე ტერიტორიებს).

2014 აღწერით, საქართველოში 233 000 აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 6,3%.

ბერძნები საქართველოში ჯერ კიდევ ძვ. წ. VII ს-იდან ჩნდე­ბიან. მათ მიერ ხდებოდა შავი ზღვის სანაპიროს ინტენსიური კოლონიზაცია. აღმ. საქარ­თველოში ისინი უფრო გვიან, ძვ. წ. III ს-ში, ჩნდებიან. ბერძნული მოსახლეობის ეს ნაწილი შემდგომში უკვალოდ გაქრა: ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, ნაწილი ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილირდა. XVIII ს. II ნახ-ში ერეკლე II-მ, სამთამადნო მრეწველობის განვითარების მიზნით, თურქეთის პროვინციიდან ბერძენთა 800 ოჯახი ჩამოასახლა. ამავე პერიოდში საქართველოსკენ დაიძრნენ ბერძნები ირანის აზერბაიჯანიდანაც.

საქართველოში ბერძნები კომპაქტურად XIX–XX სს. განმავლობაშიც დასახლდნენ. 1806–07 ჩამოსული ბერძნები ქვემო ქართლში იწყებენ დამკვიდრებას. 1813 თურქეთიდან 120 ოჯახი გადმოსახლდა სოფ. წინწყაროში (ახლანდ. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). რუსეთ-თურქეთის 1828–29 ომის შედეგად ბერძნები თურქეთიდან რამდენიმე ეტაპად – ოთხ ჯგუფად ჩამოვიდნენ. ისინი ძირითადად თრიალეთში, კერძოდ, წალკის მიდამოებში დაასახლეს. XIX ს. 60იან წლებში ბერძნები მასობრივად ჩამოსახლდნენ აფხაზეთსა და აჭარაში.

1897 აღწერით, რუსეთის იმპერიაში 167 ათ. ბერძენი ცხოვრობდა, ხოლო საქართველოში – 41,6 ათ. 1926 საქართველოში 54 ათ., ხოლო 2014 აღწერით 5 500 ბერძენი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,1%.

ქისტები და ვეინახები საქართველოში ჩაჩნებისა და ინგუშების საერთო სახელწოდებად იხმარებოდა. ქართულ წყაროებში ვეინახები ძურძუკებად ან დურძუკებად იხსენიებიან. ვეინახები საქართველოში ძვ. წ. III ს-ში შემოსულან. „ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ფარნავაზის ძემ საურმაგმა დურძუკთა დიდი რაოდენობა „დახსნა მთიელეთს, დიდოეთითგან ვიდრე ერისამდე, რომელი არს სუანეთი“. ვეინა­ხები საქართველოში XIII ს-შიც სახლდებიან. ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა XVIII ს. ბოლოსა და XX ს. შუა პერიოდში. ისინი პირ­ველად თიანეთის მაზრის სოფ. ხორბალოში, ხოლო 1826 – პანკისის ხეობაში, სოფ. დუისში დასახლდნენ. 1886 საოჯახო სიებით თბილ. გუბერნიაში 2497 ქისტი ცხოვრობდა. 1897 რუსეთის იმპერიაში ჩატარებული აღწერით კავკასიაში 413 ათ. ქისტი ცხოვრობდა და აქედან 371 ათ. (89,8%) – საქართველოში. სხვა მონაცემებით, მათი რეალური რაოდენობა ბევრად მეტი უნდა ყოფილიყო. 2002 აღწერის მიხედვით მხოლოდ სამ სოფელში – დუისში, ომალოსა და ჯოყოლოში 6552 ქისტი ცხოვრობს.

ოსების საქართველოში პირველი შემოსვლა ჩრდ. კავკასიის ცენტრ. ველებზე მონღოლთა გამოჩენამ განაპირობა. ოსები თავს ცენტრ. კავკასიონის ხევებს აფარებენ. მათი ქართლში ყოფნა დაახლ. 30 წელიწადს გაგრძელდა. ოსთა ახალშენები ქართლის მთიანეთში XVII ს. შუა ხანებში ჩნდება. ერთი ცნობით, იმ ადგი­ლებში 200-მდე ოსი ცხოვრობდა. ვახუშტი ბაგრატიონის რუკების მიხედვით, ოსთა განსახლების ადგილები მხო­ლოდ ხეობათა სა­თავეები იყო, ხოლო შიდა ქართლის მთისწინეთსა და ბარში მათი მეტ-ნაკლებად კომპაქტურად დასახლებული პუნქტები არ არსებობდა. ქართულ და უცხოურ წყაროებში დაცული ცნობები, ენობრივი მასალა, ოსუ­რი ფოლკლორი, ხუროთმოძღვრული ძეგლები, ტოპონიმები, ეპიგრაფიკა მკაფიოდ აჩვენებს, რომ საქართველოში ოსები ძირითადად მხოლოდ XVII ს-ში იწყებენ ჩამოსახლებას. ისინი ქართლის შიდა დაბლობებში XVIII ს. გამოჩნდნენ, მათი ჩამოსახლება მთელი XIX ს. განმავლობაში გრძელ­დებოდა, თუმცა საქართველოში ოსების რაოდენობა XIX ს. II ნახ-მდე უმნიშვნელო იყო.

საქართველოში ოსების ჩამოსახლება ჩრდ. კავკასიიდან, მათი ისტორიული სამშობლოდან, მასობრივად იწყება 1860-იდან. ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიის მიხედვით, 1833 რუსეთის იმპერიაში 37750 ოსი ცხოვრობდა, ხოლო საქართველოში – 14 000. 1860 ჩრდ. კავკასიაში 46 802 ოსი ცხოვრობდა, ხოლო საქართველოში – 19 324. 1880, ე. ი. 20 წლის შემდეგ, კავკასიის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით საქართველოში უკვე 52 ათ-მდე ოსი ცხოვრობდა, ე. ი. 33 ათასით მეტი. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი მატების შედეგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო და ის მხოლოდ ოსების მასობრივ ი-ს უკავშირდება. ამ პერიოდიდან ჩამოსახლებული ოსები უკვე ქართლის ბარის რაიონებში სახლდებიან. ეს პროცესი გრძელდებოდა მთელი XX ს. განმავლობაშიც. თუ 1926 საქართველოში ოსების რაოდენობა 113 ათ. იყო, 1989 უკვე 164 ათ. გახდა. 2014 აღწერით, საქართველოში 14,4 ათ. ოსი ცხოვრობს (მთლიანი მოსახლეობის 0,4%). იმიგრაციული პროცესი განსაკუთრებით ქ. ცხინვალს შეეხო, რ-შიც ოსებს XX ს-მდე არასდროს უცხოვრიათ. ამას მოწმობს XIX ს. განმავლობაში რუსი მოხელეების მიერ ჩატარებული არაერთი ოფიციალური აღწერა. ოსები ცხინვალში ცხოვრებას მხოლოდ 1922 შემდეგ იწყებენ. ქალაქში მათი რაოდენობა 4 წელიწადში (1926) უკვე არის 1152; 1998 აღწერით კი ცხინვალში 31537 ოსია ფიქსირებული. ასეთი დიდი მატება, ძირითადად, მხოლოდ იმიგრაციული პროცესებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

რუსები საქართველოში XIX ს. დასაწყისიდან ჩნდებიან. ამ დროიდან იქმნება სპეციალური სამხ. დასახლებები. დიდი რაოდენობით ჩამოდიან რუსი მოხელეებიც. 1825 წ. 300-მდე სკოპეცი დაასახლეს სოფ. მარანსა და კოდორში. მათ რიონზე ნაოსნობისათვის იყენებდნენ. 1830 კანონით შიდა რუსეთიდან სამხრ. კავკასიაში გადმოასახლეს ე. წ. ერეტიკოს-რასკოლნიკები. მათი პირველი გადმოსახლება მოხდა რედუტ-კალესა (ყულევი) და სოხუმ-კალეში. 1841–43 ყირიმიდან სამხრ. საქართველოში დუხობორების 3 ჯგუფი ჩამოასახლეს – სულ 140-მდე ოჯახი (1600-მდე სული).

1845-თვის სამხრ. კავკასიაში უკვე 10 000-მდე სხვადასხვა სექტის რასკოლნიკი (დუხობორები, სუბოტნიკები, მოლოკნები) ცხოვრობდა. მათი დიდი ნაწილი საქართველოში ჩაასახლეს. უკვე 1855 საქართველოში რუს იმიგრანტთაგან შეიქმნა 21 რუსული სოფელი, რ-ებშიც 1119 ოჯახი ცხოვრობდა. 1863 რუს. კოლონისტთა რაოდენობამ 12658 მიაღწია. რუსების ჩამოსახლება მთელი XIX ს. განმავლობაში გრძელდებოდა. ეს პროცესი განსაკუთრებულად გააქტიურდა XX ს-ში. XX ს. 30-იან წლებში საქართველოში საცხოვრებლად დაახლ. 200 ათ. რუსი, 80-იან წლებში კი მხოლოდ ტყვარჩელში 1616 ადამიანი ჩამოასახლეს. 1897 საქართველოში 98 365 რუსი ცხოვრობდა, 1939 – 308 ათ., 1954 – 408 ათ., 1979–372 ათ., 2014 აღწერით მათი რაოდენობა 26 500 აღწევს (მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,7%).

გერმანელი კოლონისტები საქართველოში XIX ს. დასაწყისში გამოჩნდნენ. ვიურტემბერგელთა პირველი ჯგუფი 181 ადამიანის (31 ოჯახი) შემადგენლობით 1817 სექტემბერში სართიჭალაში დასახლდა. 1817–18 საქართველოში სულ გერმანელთა 494 ოჯახი – 2023 ადამიანი დასახლდა. ისინი განსახლდნენ სართიჭალაში, თბილისში (სოფ. კუკია, დიდუბე), ქვემო ქართლში (ასურეთი, ბოლნისი). 1865 მონაცემებით გერმანელ კოლონისტთა რაოდენობა 6114 იყო, 1897 – 9405, 1939 – 20,5 ათ. 2014 მონაცემებით საქართველოში მხოლოდ 650-მდე გერმანელი ცხოვრობს.

ქურთების პირველი გამოჩენა საქართველოში, კონკრეტულად მესხეთში, VI ს-ში მოხდა. 1886 საოჯახო სიებით საქართველოში 2762 ქურთი ცხოვრობდა, ხოლო 1897 – 4362. მათი რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა 1918–20 თურქეთიდან, კერძოდ, ყარსიდან მათი გადმოსახლებით. 1926 საქართველოში 12479 ქურთი ცხოვრობდა (ეზიდებთან ერთად), 1989 – 33331, 2014 – 12 200.

უკრაინელები საქართველოში XVIII ს. ბოლოს და XIX ს. დასაწყისში ჩნდებიან. 1897 მათი რაოდენობა 10451 შეადგენდა. ისინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით (დაახლ. 30 ათ.) 1926–39 ჩამოვიდნენ. 1998 უკრაინელთა რიცხვი 53 ათ. შეადგენდა, 2014 კი – დაახლ. 7 ათ.

ლიტ.: ანთაძე კ., საქართველოს მოსახლეობა XIX საუკუნეში (ისტორიულ-დემოგრაფიული გამოკვლევა), თბ., 1973; გუგუშვილი პ., საქართველოს და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX საუკუნეებში, ტ.1, თბ., 1949; თოთაძე ა., საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, თბ., 2009; მანჯგალაძე გ., გერმანელი კოლონისტები საქართველოში, თბ., 1974; ჯაოშვილი ვ., საქართველოს მოსახლეობა: ისტორიულ-დემოგრაფიული და ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა, თბ., 1996.

ვ. ლორთქიფანიძე