იმედი, შპს „ტელეიმედი", ტელეკომპანია. დაარსდა 2001, მაუწყებლობს 2003 წ. 15 მარტიდან (დამფუძნებელი – ჰოლდინგი ს. ს. „იმედია" ბ. პატარკაციშვილის ხელმძღვანელობით).
ტელეკომპანიის ტექ. ხარისხს უზრუნველყოფს თანამედროვე სატელევიზიო ტექნოლოგიები. ინგლისურმა კომპანიამ „On – Air Systems" „ი-ის" მაუწყებლობისათვის დაამონტაჟა ავტომატიზებული სისტემა, ფირმა „Rhoda Schwarz" კი ტელესიგნალის გავრცელებაზე ზრუნავს.
„ი-ს" კონსულტაციას უწევდნენ ჟურნალისტები: ვ. პოზნერი და კ. ლეგატი, ამერ. საკონსულტაციო კომპანია „Quadrant Entertaiment Group" და ნორვეგიული კომპანია „Teleplan".
საქართველოს ძნელადმისადგომმა რეგიონებმა სატელევიზიო სიგნალი პირველად „ი-ის" მეშვეობით მიიღეს. 2004 „ი." ოლიმპიური თამაშების ექსკლუზიური მომწოდებელი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. მაუწყებლობს 24-საათიან რეჟიმში. მის გადაცემათა ბადეში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საინფორმაციო და მუსიკალურ-გასართობ პროგრამებს, სერიალებსა და მხატვრულ ფილმებს, თოქ-შოუებს. 2007 წ. 7 ნოემბერს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართვ. ხელისუფლებამ ტელეკომპანიის საქმიანობა ძალადობრივი მეთოდით დროებით შეაჩერა. ამჟამად ტელეკომპანია აგრძელებს ფუნქციონირებას.