ამაზასპი

ამაზასპი, ქართლის მეფე III ს. შუა წლებში. ქართ. წყაროების გარდა, იხსენიება ირანის მეფის შაპურ I-ის (242–272) ქააბა-ი-ზარდოშტის დიდ წარწერაში („ამაზასპი“, მეფე იბერიისა“), როგორც პირი, რ-საც ირანის მეფის კარზე ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა. ა. სასანიანთა ირანის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი მოკავშირე ჩანს. მის ირან. ორიენტაციას „ქართლის ცხოვრებაც“ გვიდასტურებს. ამ წყაროს მიხედვით, იგი ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში დაიღუპა. ა-ის დროს ქართლი ძლიერი სახელმწიფო იყო. „ქართლის ცხოვრებაში“ ვრცლად არის მოთხრობილი ქართლში შემოჭრილ ალანებთან მისი ბრძოლის ამბავი.

წყარო: ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ყაუხჩიშვილი თ., ბერძნული წარწერები საქართველოში, თბ., 1951.

ლიტ.: მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი  გ., საქართველო ახ. წ. I–III საუკუნეებში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970 გვ. 524–525; მისივე, К истории древней Грузии, Тб., 1959.

გ. მელიქიშვილი