ითონიშვილი ვახტანგ ვალერიანის ძე (19. XII. 1958, თბილისი, – 29. XI. 2000, იქვე), ეთნოლოგი. 1980 დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. 1985–2000 მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში მეცნიერ თანამშრომლად. 1986–2000 იყო თსუ-ის კავკასიის ისტ. კათედრის თანამშრომელი, იქვე კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიასა და ზოგად ეთნოლოგიაში (1986–89), 1990-იდან გარდაცვალებამდე კი – კავკასიის ხალხთა ისტორიასა და ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიაში (ქართ. და რუს. ენებზე). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე – „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობის სოციალური სტრუქტურა XIV– XVIII საუკუნეებში".
1990 ი. იყო ვენის უნ-ტის (ავსტრია) მიწვეული პროფესორი, პარალელურად მუშაობდა ავსტრიის მეცნ. აკადემიის ეთნოლოგიის ინ-ტში. 1998–2000 იყო საერთაშ. ასოციაციის „კავკასია: ეთნიკური ურთიერთობები, ადამიანის უფლებები, გეოპოლიტიკა" („საკეაგ") დამფუძნებელი წევრი.
ი-ს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი, რ-თა საფუძველზე 22 წიგნი გამოქვეყნდა (უმეტესობა მისი გარდაცვალების შემდეგ).
თხზ.: არაგვის ხეობა, თბ., 1986; არაგვი და არაგველები, თბ., 1989; ქართველი ხალხის ეთნოსტრუქტურა მრუდე სარკეში, თბ., 1990; აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბ., 1992; ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ისტორიიდან, თბ., 1995; აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობის სოციალური სტრუქტურა XV–XVIII საუკუნეებში (მთიულეთი და გუდამაყარი), თბ., 2001; დვალეთის ისტორია მრუდე სარკეში, თბ., 2002; ნარკვევები კავკასიის ისტორიიდან, თბ., 2002; ნარკვევები ქართველ მთიელთა ტრადიციული ყოფის ისტორიიდან, თბ., 2003; ნარკვევები ქართული ქრისტიანობის ისტორიიდან, თბ., 2003; ხანდოს ხევი, თბ., 2003; უცხოტომელთა ავაზაკობა საქართველოში, თბ., 2005; დვალები და დვალეთი (ორტომეული), თბ., 2016.
ლიტ.: გ ო ც ი რ ი ძ ე გ., ვახტანგ ითონიშვილის გახსენება, კრ.: ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი, IV, თბ., 2002.
ლ. ურუშაძე