ივანოვი ვიქტორ ვლადიმერის ძე (დ. 19. V. 1948, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (2004). 1971 დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი. 1971-იდან მუშაობს ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებულ ინ-ტში (JINR, დუბნა, რუსეთი) სხვადასხვა თანამდებობაზე. 2003–13 იყო JINR ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორ. (LIT JINR) დირექტორი, 2013-იდან არის ამავე ლაბორ. მთ. მეცნიერი თანამშრომელი და სექტორის ხელმძღვანელი.
ი-ის სამეცნ. კვლევის სფეროა ექსპერ. შედეგების ავტომატიზებული დამუშავებისა და ანალიზის მეთოდები, მათ. სტატისტიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკა, რთული სისტემების მოდელირება და ანალიზი. მონაწილეობს მრავალი საერთაშ. სამეცნ. პროექტის შესრულებაში. 1995–2002 იყო ფიზ. და ქიმიის სოლვეის საერთაშ. ინ-ტის (ბრიუსელი, ბელგია) წევრი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ასეული სამეცნ. ნაშრომი. არის სამეცნ. ჟურნ. „Particles and Nuclei. Letters"-ის რედკოლეგიის წევრი. 2009-იდან ნაციონალური კვლევითი ბირთვული უნ-ტის «МИФИ»-ის პროფესორია.
სამეცნ. შრომების ციკლებისათვის მიღებული აქვს JINR-ის I (1998, 2005) და II (2002) პრემიები და სახელმწ. ჯილდოები.