გიორგი VI

გიორგი VI, იმერეთის მეფე (გ. III. 1720), 1703–20 (დროგამოშვებით), ალექსანდრე IV-ის ძე.

1703 ოსმალთა დახმარებით გამეფდა, მაგრამ იმერეთს ფაქტობრივად გიორგი-მალაქია აბაშიძე განაგებდა, რ-იც ქართ. ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული თვალსაზრისით, გიორგი V-დ ითვლება. გ. VI-ს მხარს უჭერდა ქართლის სამეფო სახლი და იმერეთის ფეოდალთა დიდი ნაწილი. 1707 გ. VI-მ დაამარცხა გიორგი-მალაქია 23 აბაშიძე და დროებით განიმტკიცა მეფობა.

1711 იმერელ ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა გ. VI გადააყენა და მამია III გურიელი გაამეფა. გ. VI ქართლში გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილთან (იხ. ვახტანგ VI ), ხოლო შემდეგ – ახალციხეში ფაშისთვის დახმარების სათხოვნელად. 1712 ჩხარის ბრძოლაში გ. VI-მ დაამარცხა მამია III გურიელი და კვლავ გამეფდა, მაგრამ 1713 ურჩმა ფეოდალებმა ისევ მამია გურიელი გაამეფეს. გურიელი მალე გარდაიცვალა (1714) და იგი მისმა შვილმა გიორგიმ შეცვალა.

1714 ოსმალთა დახმარებით გ. VI-მ ისევ დაიბრუნა ტახტი, მაგრამ 1716 ბეჟან დადიანმა და სხვა თავადებმა იგი სვიმონეთის ბრძოლაში ახალციხის ფაშის დახმარებით დაამარცხეს. გ. VI იძულებული გახდა ჯერ ახალციხეში, ხოლო შემდეგ სტამბოლს წასულიყო. 1719 ოსმალთა დახმარებით გ. VI კვლავ გამეფდა. ბეჟან დადიანის, შოშიტა III რაჭის ერისთავისა და ზურაბ აბაშიძის წაქეზებით სიმონ აბაშიძემ გ. VI ნადიმის დროს თავის მსახურებს ვერაგულად მოაკვლევინა.

წყარო.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ქ. ჩხატარაიშვილი