გიორგი მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – გიორგი ნესტორის ძე ღ ო ნ ღ ა ძ ე) (7. VII. 1894, სოფ. ჩრდილი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 22. VI. 1982, თბილისი), სასულიერო მოღვაწე.
1913 გელათის მონასტერში გაიარა მედავითნის კურსები, სწავლის კურსი დაასრულა თბილისის ფერისცვალების მონასტერში, 1914 სოფ. გრემისხევში მედავითნედ გაიგზავნა. 1914–17 იყო სამხ. სამსახურში. 1918 ხელდასხმულ იქნა მთავარ დიაკვნად სოფ. ატოცში.
1923 ქვეყანაში შექმნილი რელიგ. დევნის საფუძველზე აიძულეს თავი დაენებებინა სას. საქმიანობისათვის. 1924–49 საერო სამსახურში იყო. 1949 სას. სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით წერილობითი თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს. გ. მ. იმავე წელს ეკურთხა მღვდლად – გაამწესეს თელავის რ-ნის სოფ. აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიაში. 1952– 54 ღვთისმსახურებას ეწეოდა სოფ. ალვანსა და ფშავში. 1955 იყო თბილ. დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელმსახური, სადაც აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.
1974 წ. 13 იანვ. კათოლიკოს-პატრიარქ დავით VI-ის ლოცვაკურთხევით გ. მ. ხელდასხმულ იქნა მანგლისის ეპისკოპოსად. 1977 მხარი დაუჭირა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტ ილიას არჩევას. 1978 წ. 4 იანვარს ებოძა მიტროპოლიტის პატივი. 1980 დაინიშნა წილკნის მიტროპოლიტად, მაგრამ წილკნის ეპარქიაში არსებული ეკლესიების უმოქმედობის გამო წირავდა თბილისში, დიდუბის ეკლესიაში.
დაჯილდოებულია კუნკულ-ბარტყულაზე – ჯვრის, სკუფიაზე – ბრილიანტის ჯვრის, მიტრაზე – ჯვრისა და ორი პანაღიის ტარების უფლებით; მოციქულთა სწორის წმ. ნინოსა და წმ. გიორგის ორდენებით.
დაკრძალულია თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში.
ლიტ.: ვ ა რ დ ო ს ა ნ ი ძ ე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010; ჟვანია ზ., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994; „ჯვარი ვაზისა", 1982, № 1.
თ. მარგველაშვილი