გოგიშვილი კონსტანტინე სოლომონის ძე

გოგიშვილი კონსტანტინე სოლომონის ძე (14. I. 1905, სოფ. მარანი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 10. IX. 1984, თბილისი), გეოგრაფი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1976).

1927 მუშაობა დაიწყო საქართვ. ჰიდრომეტეოროლ. სამსახურის სამმართველოში. 1941 დაინიშნა საქართვ. ჰიდრომეტეოროლ. სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 1942 – უფროსად. II მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა ამიერკავკ. და ბელორ. I ფრონტების მეტეოროლ. სამსახურს.

სხვადასხვა წლებში მივლინებული იყო პოლონეთში, ავსტრიაში, უნგრეთში, გერმანიაში, ირანში. 1953 მუშაობა დაიწყო ვახუშტის სახ. გეოგრ. ინ-ტში. 1969–72 ორჯერ გაიგზავნა კუბაში, სადაც ხელმძღვანელობდა საბჭ. მეტეოროლოგთა ჯგუფებს.

გ-ის შრომაში „საქართველოს ჰავის გენეზისის ცირკულაციური ფაქტორების გამოკვლევა" შესწავლილია სამხრ. კავკასიაში ჰაერის ცივი მასების შემოჭრის პირობები, დამუშავებულია ჰაერის თბილი და ცივი ნაკადების გავრცელების მრავალწლიური რეჟიმი და სხვ. გ-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა.

კ. ხარაძე