გოგიტიძე სიმონ კონსტანტინეს ძე [3 (15). I. 1872, სოფ. ჭალა, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 4. III. 1927, თბილისი], პედიატრი, მეცნიერული პედიატრიის პიონერი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1904), პროფესორი (1912). 1897 დაამთავრა კიევის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი და იქვე დაიწყო მუშაობა ბავშვთა სნეულებების კათედრაზე. 1904 მონაწილეობდა რუს.-იაპ. ომში. 1909 აირჩიეს კიევის უნ-ტის პედიატრიის კათედრის პრივატდოცენტად, 1912 – ნოვოროსიის (ოდესა) უნ-ტის პედიატრიის კათედრის გამგედ. 1921-იდან იყო თსუ-ის ბავშვთა სნეულებების კათედრის გამგე. გ-ის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის ორგანიზმის თავისებურებებისა და ჰიგიენის შესწავლას. გ-მ ერთ-ერთმა პირველმა დაადგინა ქალის რძეში ცხიმის გაჩენის გზები.
თხზ.: ბავშვის კვება, ტფ., 1927.
ი. ფაღავა