გიორგი III, იმერეთის მეფე

გიორგი III, იმერეთის მეფე (გ. 1639), 1604–39, კონსტანტინე ბატონიშვილის (XVI ს.) ძე. გ. III-ს მძიმე ბრძოლა უხდებოდა გაძლიერებული ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის წინააღმდეგ.

გიორგი III. იმერეთის მეფე კასტელის ალბომიდან XVII ს.

ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც დადიანის მხარეზე გადავიდა გ. III-ის მიერ შერისხული თავადი პაატა წულუკიძე. გოჭოურის ბრძოლაში (იხ. გოჭოურის ბრძოლა 1623 ) დადიანმა დაამარცხა გ. III. დადიანის წინააღმდეგ თანამოაზრეების ძებნისას გ. III დაუკავშირდა გიორგი სააკაძეს, რ-საც 1626 ბაზალეთის ბრძოლაში ზემო იმერეთის ლაშქარი მიაშველა. შემდეგ გ. III დაუმოყვრდა თეიმურაზ I-ს (1629 მისმა ვაჟმა, ტახტის მემკვიდრე ალექსანდრემ, ცოლად შეირთო თეიმურაზის ასული დარეჯანი, ზურაბ ერისთავის ქვრივი). ამის შემდეგაც ლევან II დადიანი სისტემატურად არბევდა იმერეთის სამეფოს. გ. III-ის დროს იმერეთში ფართო ხასიათი მიიღო ტყვეებით ვაჭრობამ. შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად 1619–22 გ. III-მ სცადა მოეპოვებინა რუს. მეფის მფარველობა, მაგრამ ამ ცდას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. 1632 ქართლის მეფე როსტომთან შესახვედრად მიმავალ ლევან II დადიანს გ. III ჩაუსაფრდა და მისი შეპყრობა განიზრახა, მაგრამ თავისი ხელქვეითების ღალატის გამო გ. III თვითონ ჩაუვარდა ტყვედ დადიანს (ტყვეობაში ორი წელი დაჰყო). გ. III-ის გამოსყიდვა ძვირად დაუჯდათ მის მემკვიდრეებს.

წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: კ ა კ ა ბ ა ძ ე ს., საქართველოს ისტორია (1500–1810), ტფ., 1922; ს ო ს ე ლ ი ა  ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973.

ო. სოსელია