გრიგოლ მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი) (დ. 18. VII. 1956, თბილისი), სასულიერო მოღვაწე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.
1974–75 სწავლობდა კრივოი-როგის საავიაციო სასწავლებელში. 1985–88 იყო თბილ. წმ. დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიის მნათე. 1988–90 სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში, 1990–94 – თბილისის სას. აკადემიაში. 1989 წ. 14 ოქტ. ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აკურთხა დიაკვნად, ხოლო 1990 წ. 27 მარტს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და სოფ. ლიხაურის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში წინამძღვრად გაამწესეს. 1991 წ. ნოემბრიდან დაინიშნა აჭის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1991–95 ხელმძღვანელობდა ოზურგეთის საღვთო სჯულის პედაგოგების მოსამზადებლად ერთწლიან საღვთისმეტყველო კურსებს. 1994 წ. 2 თებ. მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1995 წ. 30 მაისს დაინიშნა ოზურგეთის წმ. ნინოს 161 ახლად გახსნილი გიმნაზიის რექტორად.
1996 წ. 21 მარტს აღიკვეცა ბერად და 23 მარტს მიანიჭეს არქიმანდრიტის წოდება. 1996 წ. 24 მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ აღესრულა გ. მ-ის ხელდასხმა ფოთის ეპისკოპოსად. 1996– 2003 საქართვ. საპატრიარქოში ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილებას; 2003-იდან დღემდე არის საქართვ. სამოციქულო ეკლესიის გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2003 წ. 7 სექტ. მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება, 2007 წ. 3 ივნისს ებოძა მიტროპოლიტის პატივი. 2005–08 ხელმძღვანელობდა სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს ურთიერთობის წარმომადგენლობით კომისიას განათლების საკითხებში.
გ. მ-ს მიღებული აქვს საქართვ. სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმ. გიორგის ოქროს ორდენი (2007), სხვადასხვა საეკლ. ჯილდოები და სახელმწ. ჯილდო – ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.