გუჯაბიძე ირაკლი კირილეს ძე

ი. გუჯაბიძე 

გუჯაბიძე ირაკლი კირილეს ძე  (დ. 14. VI. 1953, ბათუმი), მეცნიერი მიწისქვეშა ნაგებობებისა და შახტების მშენებლობის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1994). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამთო ფაკ-ტი (1975). 1975-იდან მუშაობს საქართვ. ტექ. უნ-ტის სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისა და მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის კათედრაზე (2000-იდან კათედრის გამგე). არის საქართვ. ტექ. უნ-ტის საინჟინრო კვლევებისა და დაპროექტების რესპ. ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი, 1995-იდან – ამ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, აგრეთვე საქართვ. სამთოგეოლ. ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი (2000). მისი ხელმძღვანელობით შესრულდა საქართველოში კლდეში ნაკვეთი ძეგლების (დავითგარეჯა, ვარძია, უფლისციხე) რესტავრაციისა და რეაბილიტაციის პროექტები, გამაგრდა უფლისციხის ქვაბულები, შემუშავდა სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების პროექტები. გ-მ შეისწავლა ქალაქის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობათა ურთიერთგავლენა, მათი გეომექანიკა და ტექ. თავისებურებანი, ამის საფუძველზე შეიმუშავა ნაგებობათა გაანგარიშებისა და მათი დაცვის მეთოდები და საშუალებები. გ-ის ხელმძღვანელობით შეიქმნა თბილ. მიწისქვეშა სივრცეების ათვისების კონცეფცია, რ-იც საფუძვლად დაედო ქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმას. შეიმუშავა რთულ სამთო-ტექ. პირობებში მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის ახ. მეთოდები, რ-ებსაც იყენებენ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

თხზ.: Вопросы механики подземных сооружений неглубокого заложения, Тб., 1991.