გურგენიძე ვლადიმერ ირაკლის ძე, (დ. 7. XII. 1970, თბილისი), საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2007–08. 1987–90 სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტში, 1990–91 – მიდლბერის კოლეჯში (აშშ). 1993 მიიღო ბიზნესის მაგისტრის ხარისხი ემორის უნ-ტის ბიზნესის სკოლაში (აშშ). 1997–2003 მუშაობდა ბანკში „ABN Amro" წამყვან თანამდებობებზე. 2003–04 იყო ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი ბანკში „Putnam Lovell". 2004 გ. საქართველოში დაბრუნდა და ,,საქართველოს ბანკს" ჩაუდგა სათავეში. 2004–07 იყო თავისსავე დაარსებული (2000) სააქციო საზ-ბის ,,გალთ ენდ თაგგარტ სექიურითის" სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე, 2004–07 – საქართვ. საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2009-იდან არის ემორის უნ-ტის ალტერნატიული ინვესტიციების ცენტრის თავ-რე. 2009 სექტ. დაინიშნა რუანდის ბანკის „ბანკ ოფ კიგალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რედ. 2009 სექტ. რუმინელ ბიზნესმენთან ერთად დააარსა საინვესტიციო კომპანია „Liberty Investments". დაჯილდოებულია წმ. გიორგის სახელობის გამარჯვებისა (2008) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო (2010) ორდენებით.