გურამიშვილი დავით ალექსანდრეს ძე (25. II. 1857, ქვემო ავჭალა, გურამიანთკარი, – 9. VIII. 1926, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი, ფოტოგრაფი, კოლექციონერი, საზ. მოღვაწე. ახ. ქართული ფერწერის უფროსი თაობის წარმომადგენელი. თბილ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1873 დასთან – ოლღასთან ერთად იმოგზაურა ციურიხსა და პარიზში. 1881–86 ცხოვრობდა პეტერბურგში. 1886–88 სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან („ფალანგა", „ობზორი"). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა აქტ. შემოქმედებით მოღვაწეობას, იყო ი. ჭავჭავაძისა და ნ. ნიკოლაძის ახლო ნათესავი და ყოველგვარ საზ. საქმიანობაში მათ გვერდით იდგა. 1912 მოეწყო გ-ის ნახატების გამოფენა თბილისში. მისი ნამუშევრები გამოირჩევა მკვეთრი კოლორიტულობით. მხატვრისთვის დამახასიათებელია მახვილი თვალი, იუმორის გრძნობა და შესრულების მაღალი ოსტატობა. ნამუშევრების [„მოგზაურობა უდაბნოში", 1886; „მოხუცის პორტრეტი", „ქალიშვილის პორტრეტი", „ავტოპორტრეტი" (1924, ყველა საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი), ნ. ნიკოლაძის პორტრეტი (XIX–XX სს. მიჯნა), ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, საგურამო] ნათელი, თბილი, ფერადოვანი გამა, მზის სხივებით განათებული პეიზაჟები გ. გაბაშვილის შემოქმედებასთან სიახლოვეზე მიუთითებს.
ვ. ბერიძე