გურამიშვილი კლარა დავითის ასული

გურამიშვილი კლარა დავითის ასული (25. VIII. 1866, – 21. IX. 1956), მომღერალი (კოლორატურული სოპრანო). პირველდაწყებითი მუს. განათლება მიიღო თბილისში მოღვაწე ჩეხ მუსიკოსთან – ი. რატილთან, შემდეგ ერთხანს სწავლობდა პეტერბურგში. დაამთავრა ვენის კონსერვატორია (პედაგოგი პროფ. ი. ფუქსი). 1897–98 უმაღლეს სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა პარიზში სახელმოხვეჭილ მომღერლებთან მარკეზსა და დ. არტოსთან. პარიზის მუს. სალონებში ბრწყინვალე გამოსვლებისა და აღიარების შემდეგ, 1899 მაისში, გ. სამშობლოში დაბრუნდა და არანაკლები წარმატებით გამოდიოდა საქველმოქმედო საღამოებსა და კონცერტებზე. ჰქონდა დიდი დიაპაზონის, ლამაზი ტემბრის მოქნილი და თბილი ხმა. ასრულებდა ა. ალიაბიევის რომანსს „ბულბული", არიებს ოპერებიდან: ვ. ა. მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა", ჯ. ვერდის „ტრავიატა", ლ. დელიბის „ლაკმე", ჯ. მეიერბერის „ჰუგენოტები" და სხვ. საგასტროლო კონცერტებს მართავდა ბაქოში, ქუთაისში, ბათუმში.