გუმისთა

გუმისთა,  ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლ. შუა წლები) ნასახლარი სოხუმის დასავლეთით 3 კმ -ზე, მდ. გუმისთისა და ზღვის შესართავთან, მაღალ ტერასაზე. არქეოლ. გათხრებით მოპოვებულია ქვის იარაღი: რიყის ქვის ცულები, სატეხები, სათლელები, პიკის ტიპის იარაღი, ე. წ. სოხუმის ტიპის თოხები, ბადის საწაფები, შურდულის ქვები, მოვარდისფრო-ნაცრისფერი კერამიკა (ქილები, ქოთნები, ჯამები), რ-იც უხეშადაა ნაძერწი, შემკულია პარალელური ხაზებით, დაჭდეულია რელიეფური სარტყლებით, კიბისებური ნაკაწრებით, კოპებით და სხვ. გაითხარა სინქრონული ქვაყრილიანი, ქვით გარშემოწყობილი ყორღანი. გაიწმინდა 4 ინდივიდ. სამარხი. ყველა მიცვალებული ესვენა მიწის ზედაპირზე, გვერდზე მოკრუნჩხული; თავი დას-კენ ჰქონდათ. ინვენტარი ნასახლარის მასალის ანალოგიურია, გამოირჩევა მხოლოდ შედარებით მომცრო ზომებით. მასალა ინახება სოხუმის არქეოლ. მუზეუმში.

ლიტ.: საქართველოს არქეოლოგია, ტ. 2, თბ., 1992; С о л о в ь е в Л. Н., Новый памятник культурных связей стоянки Воронцовской пещеры, «Труды Абх. ин-та», 1958, т. 29.

გ. ფხაკაძე