გუმბათი

გუმბათი, სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), წალკის ქვაბულში, მდ. გუმბათის (ქციის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. სათავო სოფელი. ზ. დ. 1610 მ, წალკიდან 22 კმ. 471 მცხ. (2002).

გ. მდებარეობს ისტ. თრიალეთში. სოფელში XX ს. ბოლომდე ცხოვრობდნენ ბერძნები, რ-თა წინაპრები XIX ს. 30-იან წლებში მოვიდნენ არზრუმის მხრიდან (თურქეთი). სახელწოდების გამო ვარაუდობენ, რომ სოფელში იდგა გუმბათიანი ეკლესია. გუმბათი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გადაკეთებამდე ჩამოინგრა. 1846 ბერძნებმა გადააკეთეს თავის ეკლესიად. კედლები და შიგა განლაგება არ შეუცვლიათ, მხოლოდ აღმ-იდან მიაშენეს ნახევარწრიული საკურთხეველი. ძვ. ეკლესია შემოსილია გათლილი ქვით. შიგნით სამნავად იყოფა ორი, გეგმით რვაკუთხა ბოძის საშუალებით. გუმბათი ადრე ამ ბოძებსა და საკურთხევლის კედლებს ეყრდნობოდა. გვერდის ნავები ძალიან ვიწროა. იატაკი ქვისაა. შესასვლელი სამხ-იდან აქვს. საკურთხეველში 3 ნიშანია. დას. სარკმლის მარცხნივ, მაღლა, ბარელიეფია – დანიელი ლომთა ხაროში. აღმ. სარკმლის მარჯვნივ გამოსახულია ფრინველები. დას. კედელზე ასომთავრული წარწერებია, რ-ებშიც მკლავანი, ქობული და იოანე მოიხსენებიან. ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული ჰქონდა სამრეკლო, რომლის პირველი სართული კარიბჭეს წარმოადგენდა. 1846 წლის გადაკეთების დროს იგი დაუშლიათ და მის ნაცვლად აუგიათ თაღებით გახსნილი სამსართულიანი სამრეკლო. ხევის მარჯვ. სანაპიროზე, მთაზე შემორჩენილია ციხის ნანგრევები. ციხე ნაგებია მშრალი წყობით და გამაგრებულია ნახევარწრიული ბურჯებით. იგი მიეკუთვნება ციკლოპურ ნაგებობათა ტიპს.

ლიტ. : Т а к а й ш в и л и Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913; Ц и н ц а д з е В., К изучению архитектуры городов-крепостей древней Грузии, კრ.: ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ანალიზის და დაცვის საკითხები, თბ., 1988.

დ. ბერძენიშვილი