გულისაშვილი ზაქარია (შაქრო) მიხეილის ძე (1857, სოფ. ჯიმითი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 24. I. 1914, თბილისი), მწერალი, პუბლიცისტი. სწავლობდა სოფ. გომბორის პირველდაწყებით სასწავლებელში, თბილ. სას. სასწავლებელში, თბილ. სას. სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა არალეგალურ წრეში მონაწილეობისათვის. ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში და „გავიდა ხალხში" – მასწავლებლობდა მეტეხში, პატარძეულში, კაკაბეთში, რუისპირში, საგარეჯოში. 1897 მღვდლად ეკურთხა. მისი პირველი თხზულება „ორიოდე სურათი მოთხრობიდან" 1879 გამოქვეყნდა („ივერია", №3). გ-ის მოთხრობებში გამოყენებულია საინტერესო ფოლკლორულ-ეთნოგრ. მასალები. მისი მოთხრობები („მარტიაანთ პაპა", 1879; „მეტივე", „ბედნიერი კუნჭული", ორივე 1881), ნარკვევები („მგზავრის შენიშვნები", 1882; „აწინდელ კახეთზე და ქართლზე", 1884; „რკინიგზით განჯისაკენ", 1900), ისტ.-ეთნოგრ. წერილები („გარდაბანისა და გაჩიანის საერისთაონი და მათნი ნაშთნი", 1900; „ჩვენი ხალხის ზნე-ჩვეულებანი", „ქორწილი ქვემო ქართლში") იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში („ივერია", „იმედი", „დროება", „თეატრი" და სხვ.). გ. ხალხოსნური პოზიციებიდან აშუქებდა ეპოქის საჭირბოროტო საკითხებს. იგი ავტორია აგრეთვე წიგნებისა: „ანბანი მშობლიურ ენის" და „საქართველოს ძველი დროის მეფეებზედ" (1886). მისი წინასიტყვაობით გამოიცა პ. ლარაძის თხზულება „დილარიანი" (1903).
თხზ.: მოთხრობები, ნარკვევები, თბ., 1953.
ლიტ.: ზ ა ნ დ უ კ ე ლ ი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 3, თბ., 1955; მ ი ს ი ვ ე, თხზულებანი, ტ. 3, თბ., 1978.
ს. ხუციშვილი
გ. ჯავახიშვილი