გულისაშვილი იერემია დიმიტრის ძე [1 (13). V. 1863 – 20. IV. 1958], მწერალი, თეატრალური და საზ. მოღვაწე, საქართვ. დამს. მასწავლებელი. დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. 1882-იდან მუშაობდა ზუგდიდში სკოლის მასწავლებლად, 1888–1913 – თბილისში. 1915 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზ-ბამ გააგზავნა სკოლების ზედამხედველად აჭარაში, სადაც 4 წელიწადში 40-მდე ქართ. სკოლა გახსნა (ხულოში, ქედაში, ქობულეთსა და ბათუმში). 1919-იდან ცხოვრობდა მშობლიურ საგარეჯოში, იყო სკოლის დირექტორი და რუს. ენის მასწავლებელი. პუბლიც. სტატიებს ათავსებდა „ივერიაში", „სახალხო გაზეთში" და სხვ. შემდეგ თვითონ დაიწყო „ორკაპიკიანი" გაზეთის გამოცემა ღარიბი მშრომელებისათვის. იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქართ. წიგნების გამომცემლობის ამხანაგობისა და „ქართული კლუბის" დაარსებისა თბილისში. 1886 ზუგდიდში პირველად დადგა გ. ერისთავის „ძუნწი" და თვითონვე შეასრულა მთ. როლი, სისტემატურად მართავდა წარმოდგენებს. მიღებული შემოსავლით გახსნა სახ. ბ-კა. თბილისში გ. იყო ქართ. სახ. თეატრის – ავჭალის აუდიტორიის – ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი რეჟისორობით იდგმებოდა გ. ერისთავის „გაყრა", ა. ცაგარლის „ციმბირელი", „ხანუმა", „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", „ადვოკატი მელაძე", კ. მესხის „თამარ ბატონიშვილი" და სხვ. ამ წარმოდგენებში თვითონაც ასრულებდა როლებს მ. დემურიასა და ნ. ნაკაშიძესთან, ნ. გოცირიძესა და ი. იმედაშვილთან, გ. ლასხიშვილსა და ი. ნაკაშიძესთან, გ. ჯაბაურთან და სხვებთან ერთად. საგარეჯოში დასახლების დღიდან სიკვდილამდე ქალაქის დრამ. დასის აქტ. წევრი და თეატრის შენობის აგების ინიციატორი იყო. დაწერა ხუთმოქმედებიანი დრამა „დრონი მეფობენ" (1890) და პიესა „ცხოვრება ბრძოლაა" (1892, ცალკე წიგნად დაისტამბა 1895).