გულია დიმიტრი იოსების ძე

 

 

დ. გულია

გულია დიმიტრი იოსების ძე [9 (21). II. 1874, სოფ. ვარჩა, ახლანდ. გულრიფშის მუნიციპალიტეტი, – 7. IV. 1960, სოფ. აგუძერა, დაკრძალულია სოხუმში], აფხაზი მწერალი, აფხ. ლიტ-რის ფუძემდებელი. აფხ. სახ. პოეტი (1937). სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. ერთხანს მასწავლებლობდა. 1924–26 აფხ. ენას ასწავლიდა თსუ-ში. გ-მ დიდი ამაგი დასდო აფხ. კულტურას. მისი კულტ.-საგანმან. და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. მან 1892 კ. მაჭავარიანთან ერთად რუს. გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხ. ანბანი. გ-ს ლექსთა პირველ კრებულებში (1912, 1913) ჩანს აფხ. ხალხის ოცნება უკეთეს მერმისზე. 1919–20 გ. პირველი აფხ. გაზ. „აფსნის" რედაქტორი იყო. 1921 ჩამოაყალიბა პირველი აფხ. თეატრ. დასი. გ-ს ლექსებისა და პოემების თემა იყო აფხ. ხალხის ყოფა, ხალხთა მეგობრობა, აფხაზეთის ბუნება. პოემაში „შემოდგომა სოფელში" და ლექსთა ციკლებში – „ჩემი ქალაქი", „გაზაფხული აფხაზეთში", აგრეთვე ლექსებში – „ამხანაგს", „საახალწლო", „რუსთაველის ძეგლი სოხუმში", „ტარას შევჩენკო", „ჯამბული" და სხვ. გ-მ ასახა ომის შემდგომი მშვიდობიანი მშენებლობა. მწერალმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აფხ. პროზის განვითარებაშიც (პირველი აფხ. ნოველა „უცხო ცის ქვეშ", 1919 და რომანი „კამაჭიჭი", 1940). მისი ნაწარმოებებისათვის დამახასიათებელია ლაკონიზმი და ხალხ. იუმორი. აფხ. თეატრ. რეპერტუარში დამკვიდრდა გ-ს დრამა „აჩრდილები" (1946). მასვე ეკუთვნის გამოკვლევები აფხ. ისტ., ხალხ. ზეპირსიტყვიერების, ეთნოგრ. და ენის საკითხებზე („აფხაზეთის ისტორია", „აფხაზთა ნადირობის ღვთაება და სამონადირო ენა", „თხის კულტი აფხაზეთში" და სხვ.), ქრესტომათიები და სახელმძღვანელოები, ლიტ-რისა და ენათმეცნ. ტერმინოლოგიური ლექსიკონი. გ-მ აფხაზურად თარგმნა ვეფხისტყაოსანი, ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის ლექსები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Иөымт акуа, ат. 1–4, Аkуa, 1956–62; იგივე, ექვს ტომად, 1–2, სოხ., 1981–82; ლექსები, სოხ., 1937; რჩეული, თბ., 1956; რჩეული, სოხ., 1973; კამაჭიჭი, თბ., 1951; ელკანი, თბ., 1968.

ლიტ.: გ უ ბ ლ ი ა გ., დიმიტრი გულია. შემოქმედებითი გზა, თბ., 1974; Б г а ж б а Х. С., З е л и н с к и й К. А., Дмитрий Гулиа, Сух., 1965; Г у л и а Г. Д., Дмитрий Гулиа. Повесть о моем отце, М., 1965.

ხ. ბღაჟბა

 

დიმიტრი გულიას ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, დაარსდა 1969 პოეტის სახლში. გაიხსნა 1974 გ-ის დაბადებიდან 100 წლისთავის იუბილეს დღეებში. გ-ს გარდაცვალების შემდეგ პოეტის მეუღლემ სახლი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ექსპოზიცია გაშლილი იყო 240 კვ. მეტრზე: 8 დარბაზი, მემორიალური კაბინეტი, სააქტო დარბაზი. 6 დარბაზში განლაგებული იყო ლიტ. ექსპოზიცია („დიმიტრი გულიას ცხოვრება და შემოქმედება და თანამედროვე აფხაზური ლიტერატურა", „აფხაზური ენისა და აფხაზური მხატვრული ლიტერატურის ისტორია"). ექსპონირებულია გ-ს პირადი ნივთები, წიგნები, საჩუქრები, ხელნაწერები, ჯილდოები და სხვ. ძირითად ფონდში იყო 7 ათ. ექსპონატი, სამეცნ.- დამხმარეში – 3900. მუზეუმი ყოველწლიურად აწყობდა 4–5 გასვლით გამოფენა-ექსპოზიციას რესპ. სხვადასხვა რეგიონში. მუზეუმში დიდი მუშაობა ტარდებოდა გ-სა და სხვ. აფხ. მწერლების შემოქმედების შესასწავლად, ეწყობოდა ექსკურსიები, შეხვედრები მწერლებსა და პოეტებთან, მეცნიერებთან (ყოველწლიურად). მუზეუმის ფილიალი იყო კონსტანტინე სიმონოვის მუზეუმაგარაკი აგუძერაში (ექსპოზიციის თემა – „კონსტანტინე სიმონოვი და აფხაზეთი").

ტ. გულია