გუგუშვილი გუგული კოკის ასული (19. IX. 1923, სოფ. ეწერი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 10. VIII. 2010, თბილისი), ენტომოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1996). 1945 დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი და დაიწყო მუშაობა ამავე უნ-ტის ფიზიოლ. კათედრაზე. 1946–98 მუშაობდა ს. ვირსალაძის სახ. სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნ.- კვლ. ინ-ტში უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. 1999-იდან იყო ამავე ინ-ტის ტრანსმისიულ სნეულებათა ეპიდემიოლოგიისა და სამედ. ენტომოლოგიის განყ-ბის ხელმძღვანელი. 1950-იდან პარალელურად ეწეოდა პედ. საქმიანობას თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტში, ამზადებდა სამეცნ. კადრებს სამედიცინო პარაზიტოლოგიასა და ენტომოლოგიაში. გ. უშუალოდ ხელმძღვანელობდა მალარიის ლიკვიდაციას კოლხეთის დაბლობზე და მალარიის გადამტანების პრევენციას აფხაზეთსა და აჭარაში. გ-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. ერთი მონოგრაფია – „ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანების ეკოლოგიური თავისებურებები მალარიის განახლების პერიოდში" (2006). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).
ი. ჯაფარიძე