გუგუშვილი პაატა ბესარიონის ძე, [15 (28). IX. 1905, სოფ. კოდორი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 27.II.1987, თბილისი], ეკონომისტი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1974; წ.-კორ. 1961). ეკონ. მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1940), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). 1927 დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი. 1930–67 თსუ-ში კითხულობდა სახ. მეურნ. ისტ. და პოლიტეკონომიის, ხოლო 1968–86 – სოციოლოგიის კურსს. 1940–45 განაგებდა პოლიტ. ეკონომიის კათედრას. გ. იყო პირველი მეცნ.- ეკონომისტი, რ-იც საქართვ. მეცნ. აკად. შემადგენლობაში აირჩიეს. მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა საქართვ. მეცნ. აკად. სისტემაში ეკონ. ინ-ტი, რ-საც იგი სამ ათეულ წელზე (1944–76) მეტი ხნის განმავლობაში ედგა სათავეში. ინ-ტს 1991-იდან მიენიჭა გ-ის სახელი. მან, ფ. გოგიჩაიშვილთან ერთად, ჩაუყარა საფუძველი ქართ. ეკონ. სკოლას. გ-ის სამეცნ. ნაშრომები ეძღვნება პოლიტეკონომიის, სოციოლოგიის, დემოგრაფიის, სახ. მეურნ. ისტორიის, სტატისტიკის, საქართვ. და ამიერკავკ. ეკონ. განვითარების, ქართ. ეკონ. აზრის, გეგმიანობისა და პროგნოზირების პრობლემებს. აღსანიშნავია აგრეთვე გ-ის შრომები ქართ. ჟურნალისტიკისა და ბიბლიოლოგიის დარგში. მის სახელთანაა დაკავშირებული თსუ-ის ესთეტიკისა და ჟურნალისტიკის კათედრების შექმნა. ავტორია მრავალი ნაშრომისა, მ. შ. 50 მონოგრაფიისა. მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა მონოგრაფია „საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს." (I– VII ტომი, 1949–84), რ-ის სამი წიგნი გამოცემულია რუს. ენაზეც (ამ ნაშრომს 2000 წ. ეკონ. მეცნ. დარგში „XX საუკუნის საუკეთესო მონოგრაფიის" სტატუსით ჟურნ. „მაკრო-მიკროეკონომიკის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიენიჭა პირველი პრემია). გ-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახ. ქართ. ეკონ. ტერმინოლოგიის შემუშავებაში, ეკონ. წყაროების მეცნ. პუბლიკაციაში. მუშაობდა მარქსიზმის კლასიკოსების თხზულებათა ქართ. თარგმანის სარედაქციო კომისიაში. საქართველოს მეცნ. აკად. ეკონომიკის ინ-ტში გ-ის თაოსნობით შეიქმნა სოციოლოგიისა და დემოგრაფიის განყ-ბა, რ-ის ბაზაზეც შემდგომ (1991) დაარსდა დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტი. გ. იყო მისივე ინიციატივით აღდგენილი ჟურნ. „საქართველოს ეკონომისტის" მთ. რედაქტორი (1958–67), საქართვ. საგეგმო კომისიის (შემდგომ საგეგმო კომიტეტი) წევრი (1946–76), ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი (1967–87) და მისი ეკონ. სექციის თავ-რე, საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული ხალხთმოსახლეობის (დემოგრაფიის) სოც.-ეკონ. პრობლემათა შემსწავლელი სამეცნ. საბჭოს თავ-რე, საბჭ. სოციოლოგიური ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი (1958–62), საერთაშ. სოციოლოგიური ასოციაციის საბჭოსა და აღმასკომის წევრი (1959–63) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში.
ლიტ: პაატა გუგუშვილი. ბიობიბლიოგრაფია, თბ., 1988 (ყდაზე:1989).
ლ. ჩიქავა