გუგუშვილი ჯემალ (ელგუჯა) სერგოს ძე, (დ. 14. IV. 1945, აბაშა), ზოოტექნიკოსი. საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (2003), სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1994), სომხეთის სას.-სამ. აკადემიის საპატიო პროფესორი (2000). საქართვ. დამს. მწვრთნელი ფეხბურთში (1981), სპორტის დამს. მუშაკი (2002). 1971 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.- სავეტერინარო ინ-ტი, 1974–87 იყო ამავე ინ-ტის მეცხენეობა- მებოცვრეობის განყბის უფროსი მეცნ. თანამშრომელი, შემდეგ ამავე ინ-ტის მეცხოველეობის კათედრის გამგე; 1998–2005 – ზოოტექ.-სავეტერინარო აკადემიის რექტორი. გ. იკვლევს მებოცვრეობის განვითარების პრობლემებს. მისი ხელმძღვანელობით გამოყვანილია ბოცვრის ახ. სახორცე-საქურქე ჯიში. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის (2 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო), 1 გამოგონების, 2 პატენტის. გ-ს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართ. სპორტის განვითარების საქმეშიც. 1994–96 იყო საქართვ. ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთში, 2006–07 – საქართვ. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რექტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2002).
თხზ.: ჯიშთაშორისი შეჯვარების ეფექტურობა მებოცვრეობაში, თბ., 1998.