გუგუნავა სიმონ დავითის ძე

გუგუნავა სიმონ დავითის ძე (30. VI. 1839, სოფ. ძიმითი, ოზურგეთის მაზრა, – 18. VII. 1909, ქუთაისი), პოეტი. სწავლობდა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში (არ დაუსრულებია). 1889–98 იყო ოზურგეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, 1898- იდან – ლეჩხუმის მაზრის მომრიგებელ-შუამავალი. 1888 გამოვიდა გ-ს პოემა „თამარიანი", რ-იც გ. ი. რჩეულიშვილის ისტ. რომანის „თამარ ბატონიშვილის" პოეტური გადამუშავებაა. პოემა დაწერილია ვეფხისტყაოსნის გავლენით, შეინიშნება ხალხ. სიტყვიერებასთან სიახლოვეც. „თამარიანმა" დიდი პოპულარობა მოიპოვა (1888–1970 ათგზის გამოიცა). პოემის ზოგიერთი ადგილი სიმღერად იქცა (მაგ., „შალვა, ჩემო სიყვარულო..."). გ. ავტორია აგრეთვე რამდენიმე ლექსისა, რ-თაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „დედაენა" („კვალი", 1893, №14).

თხზ.: თამარიანი. ლექსად თქმული, თბ., 1973.

ლიტ.: მეგრელიძე ი., გუგუნავები, ბათ., 1987.

ნ. ალანია