გრუზინსკი (ბაგრატიონი) პეტრე ნიკოლოზის ძე (1837 – 1892), ფერმწერი, ბატალისტი და ჟანრისტი. 1851 შევიდა პეტერბ. სამხატვრო აკადემიაში. სურათისათვის „ბოშათა ბანაკი" დაიმსახურა მცირე ოქროს მედალი (1860), ხოლო – სურათისათვის „ღუნიბის აღება" – დიდი ოქროს მედალი (1862). საზღვარგარეთ გაემგზავრა აკადემიის მხარდაჭერით. პარიზში დახატა სურათები „ზუავების პიკეტი საფრანგეთში მანევრებზე" და „ბაზარი ფონტენბლოში". 1864 ჩამოვიდა რუსეთში, რათა შეექმნა პარიზის მსოფლიო გამოფენისათვის შეკვეთილი სურათის („რუსის ჯარის მოახლოებისას მთიელები ტოვებენ აულს") ესკიზები. 1872 სამუდამოდ დაბრუნდა რუსეთში და იმავე წელს პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიამ აღნიშნული სურათისათვის აკადემიკოსის წოდება მიანიჭა. გ-ს გვიანდ. (1890-მდე) ნამუშევრებია:„სცენა სოფლის ცხოვრებიდან", „გასეირნება ქალაქგარეთ" და სხვ.