გრიგორაშვილი მიხეილ ლეონტის ძე

 

მ. გრიგორაშვილი [მაიკლ გრეგორი ( მ ა რ ჯ ვ ნ ი დ ა ნ პირველი)] თავის შექმნილ ბიპლანთან „გრეგორ“

გრიგორაშვილი მაიკლგრეგორი (Michael Gregory) მიხეილ ლეონტის ძე (6. II. 1888, ქ. დერბენდი, დაღესტანი, – 1953, ქ. ტრენტონი, კანადა), ავიაკონსტრუქტორი, რუსეთის ავიაციის პიონერი, აშშ და კანადის საავიაციო მრეწველობის ერთ-ერთი შემქმნელი. 1913 დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზების ინჟინერთა ინტი. სწავლის პერიოდში პრაქტიკა გაიარა საფრანგეთში, სადაც 1911 დაამთავრა ლ. ბლერიოს სასწავლებელი. იყო რუსეთის ერთ-ერთი პირველი მფრინავი სპორტსმენი, სრულიად რუსეთის საიმპერატორო აეროკლუბის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1908) და საავიაციო მრეწვ. ერთ-ერთი ფუძემდებელი რუსეთში. 1915–18 გ. მოღვაწეობდა პეტერბურგში, რ. მელცერის ფ-კაში, სადაც შექმნა და წარმოებაში დანერგა საკუთარი კონსტრუქციის საჰაერო ხრახნები, რ-ებიც ტექ. მონაცემებით ბევრად სჯობდა საზღვარგარეთულ ნიმუშებს. 1918 გ. დაბრუნდა დამოუკიდებელ საქართველოში და მუშაობა დაიწყო გზათა სამინისტროში ინჟინრად. 1921 გაემგზავრა აშშში. თავდაპირველად მუშაობდა როდ-აილენდის შტატის ერთ-ერთ პატარა ფირმაში საჰაერო ხრახნების კონსტრუქტორად, შემდეგ ქ. დეიტონის (აშშ) საჰაერო სამსახურის სამეცნ.-კვლ. და საფრენ-გამოსაცდელ ცენტრში ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1926 მან მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა და შეიცვალა გვარი გრეგორად. 1928–32 სხვებთან ერთად დააარსა ფირმა „ბერდ ეარკრაფტ კორპორეიშნი" და მისი მთ. კონსტრუქტორი იყო. აქვე მისი კონსტრუქციით შექმნეს და სერიულად გამოუშვეს ბიპლანების – „ბერდების" რამდენიმე მოდელი. 1934 დააარსა ფირმა „გრეგორ ეარკრაფტ" და ააგო თვითმფრინავი GR-1. 1936 იგი კანადაში მიიწვიეს, სადაც ააწყო FDB-1 ბიპლანი. 1940 იგი მიიწვიეს მთ. კონსტრუქტორის მოადგილედ ფირმა „ჩეიზ ეარკრაფტ კორპორეიშნში", სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე. აქ ცნობილ რუს ინჟინერ მ. სტრუკოვთან ერთად შექმნა მრავალი სატვირთო-სადესანტო პლანერი და თვითმფრინავი, რ-თა შორისაა სადესანტო მოიერიშე თვითმფრინავი ჩ-123 („პროვაიდერი"). გ. ავტორია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გამანადგურებელ-ბიპლანისა „გრეგორ FDB-1".

გ. ქებურია