გრიგოლია გურამ ლუარსაბის ძე (დ. 14. X. 1938, თბილისი), ჰიდროენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1996). 1961 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით. მუშაობდა „თბილჰიდროპროექტში", 1965–72 – ენერგეტიკის სამეცნ.- კვლ. ინ-ტში, ხოლო 1972–93 – თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე; 1997–2006 იყო ამავე კათედრის გამგე. შეთავსებით მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტში კატასტროფულ მოვლენათა სექტორის გამგედ. გ-ის სამეცნ. კვლევის სფეროა მდინარის ჩამონადენის პროცესის მათ. აღწერა და მოდელირება. პირველად ჰიდროლოგიაში ჩამონადენის პროცესის აღწერისათვის გამოიყენა ჯონსონის განაწილება. ეს მეთოდოლოგია შესულია ჰიდროლ. მახასიათებლების გაანგარიშების საერთაშ. მითითებებში. გ. სწავლობს გლობალური დათბობის ზეგავლენას კლიმატზე. იყო საქართვ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ექსპერტი. 2009-იდან ჰიდრომეტეოროლოგიურ ინ-ტში წამყვანი მეცნ. თანამშრომელია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).
თხზ. : Гидрология реки Бзыбь, Тб., 1981.