გოძიაშვილი ვასილ (ვასო) დავითის ძე [14 (27). XI. 1905, თბილისი, – 30. I. 1976, იქვე], მსახიობი. სსრკ სახ. არტისტი (1958), სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1952), შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1971). 1922–24 სწავლობდა თბილ. დრამ. სტუდიაში (ხელმძღვ. ა. ფაღავა). 1924–30 იყო თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრის, ხოლო 1930-იდან გარდაცვალებამდე – კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი. გ. გამოირჩეოდა ჭეშმარიტი არტისტიზმით, მკაფიო აქტიორული ინდივიდუალობით, მაღალი პროფ. ოსტატობით, იმპროვიზაციის დიდი უნარით, სცენური მომხიბვლელობით, მუსიკალურობით, პლასტიკურობით. მის შემოქმედებაში აისახა ქართ. თეატრის საუკეთესო ტრადიციები. გ. წარმატებით ასრულებდა როგორც დრამ., ისე კომიკურ და გროტესკულ როლებს. მის მიერ შექმნილი ლუარსაბ თათქარიძის სახე („კაცია ადამიანი?!", ი. ჭავჭავაძის მიხედვით) ქართ. თეატრის ისტორიაში შევიდა როგორც ქართ. აქტიორული სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე მონაპოვარი. აღსანიშნავია სხვა როლები: ახმა (ს. შანშიაშვილის „ანზორი"), ჩეშმაკოვი (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში"), ავეტიკა (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), რუი ბლაზი (ვ. ჰიუგოს „რუი ბლაზი"), არბენინი (მ. ლერმონტოვის „მასკარადი"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის „რევიზორი"), მეფე ერეკლე (ლ. გოთუას „მეფე ერეკლე"), რიჩარდ III (შექსპირის „რიჩარდ III"), კეისარი (ბ. შოუს „კეისარი და კლეოპატრა"), ფილიპე (ფ. შილერის „დონ კარლოსი") და სხვ. გ-მა თავისსავე დადგმულ სპექტაკლში „ძველი ვოდევილები" (ა. წერეთლის „ბუტიაობა", ა. ცაგარლის „ოინბაზი", ბახუტაშვილის „სასამართლოში") ბრწყინვალედ შეასრულა ტიგრან ოფოფიანცის, არშაკასა და სპექტაკლის წამყვანის – მოხუცი მსახიობის როლები. გ-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართ. საესტრადო ხელოვნ. განვითარებაში. იყო ესტრადის მსახიობთა I საკავშ. კონკურსის ლაურეატი. წარმატებით მოღვაწეობდა კინოში. შესრულებული აქვს სიკოს („ქეთო და კოტე", 1948), ავეტიკას („რაც 135 გინახავს, ვეღარ ნახავ", 1965) და სხვ. როლები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი ე., ვასო გოძიაშვილი, თბ., 1972; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი გ., ვასო გოძიაშვილი, თბ., 1964; Г у г у ш в и л и Э., Театральные портреты, Тб., 1968.
ლ. ცაგარეიშვილი