გოძიაშვილი მარეხ ილიას ასული (დ. 30. XII. 1926, თბილისი), ესტრადის მომღერალი. საქართვ. სახ. არტისტი (1968). ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI (მოსკოვი, 1957) და VII (ვენა, 1959) მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი. 1948 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1953-იდან იყო საქართვ. ფილარმონიის სოლისტი. ამავე წელს დააარსა ვოკალურ-საკრავიერი ტრიო (პირველი შემადგენლობა: გ., ე. სეფაშვილი, კ. მაკარიძე), რ-საც დიდხანს ხელმძღვანელობდა ჯ. ბაღაშვილსა და ვ. ტატიშვილთან ერთად. გ. ქართვ. კომპოზიტორთა მრავალი სიმღერის პირველი შემსრულებელია. გამოირჩეოდა ხმის სასიამოვნო ტემბრით, მუსიკალობით, ეროვნ. კოლორიტის (განსაკუთრებით, ქალაქური ფოლკლორის) შეგრძნების უნარით. მის მიერ შესრულებული სიმღერებიდან პოპულარობით სარგებლობდა შ. მილორავას „ყვავილებში დამეკარგე" და „შემირიგდი", გ. ცაბაძის „გამოღმით შენ ხარ", „მუხამბაზი" (ვაჟა-ფშაველას, პ. გრუზინსკის, ნ. დიასამიძის ლექსებზე) და, განსაკუთრებით, მისი საკუთარი – „წაღვერი და თბილისი" და „გამიგონია" (ა. თევზაძისა და ი. ნონეშვილის ლექსებზე); გ-სა და მის ტრიოს დიდი ღვაწლი მიუძღვით ქართ. ქალაქური სიმღერის პროპაგანდაში. იგი კონცერტებს მართავდა სსრკ ქალაქებში და საზღვარგარეთ (დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ეგვიპტე, ინდოეთი, კუბა, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი და სხვ.). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997). 2010 აირჩიეს თბილ. საპატიო მოქალაქედ.