გოკიელი ლევან პეტრეს ძე

 

ლ. გოკიელი

გოკიელი ლევან პეტრე ძე[20. XI (3. XII). 1901, ქუთაისი, – 4. I. 1975, თბილისი], მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1961). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1935), პროფესორი (1936), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1944). დაამთავრა თსუ (1924, მათ. ფაკ-ტის პირველი გამოშვების ერთადერთი კურსდამთავრებული). მუშაობდა თსუ-ში მათ. დაფუძნებისა და ისტ. კათედრის გამგედ (1934–70), აგრეთვე საქართვ. მეცნ. აკად. მათ. (1935–48) და ფილოს. (1948–53) ინ-ტებში. საქართვ. მათ. საზ-ბის პრეზიდენტი (1967–71). თავდაპირველად დაინტერესებული იყო ძირითადად მათემატიკის დაფუძნების პრობლემებით. ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევისას იგი აანალიზებდა და კრიტიკულად აფასებდა სიმრავლეთა თეორიის პარადოქსების გადაჭრისა და მათემატიკური დაფუძნების ძირითად მიმართულებებს (ლოგიციზმი, ინტუიციონიზმი და ფორმალიზმი). შემდგომში მათ. ანალიზის ძირითად ცნებათა და დებულებათა ლოგიკურმა ანალიზმა, რ-იც მან საფუძვლად დაუდო კ. მარქსის მათ. ხელნაწერების შესწავლასა და კომენტირებას (მარქსი კ., მათემატიკური ხელნაწერები. თარგმანი და გამოკვლევა, თბ., 1947), გ. მიიყვანა ლოგიკის დაფუძნების პრობლემებისა და მისი აგების მეთოდის კვლევის აუცილებლობამდე. მან შეიმუშავა დიალექტ. ლოგიკის საკუთარი სისტემა, ე. წ. ძირეული დასკვნის თეორია, რ-იც, მისი აზრით, არის ლოგიკის განვითარების უმაღლ. საფეხური, ლოგიკისა და დიალექტიკის იგივეობის შესახებ თეზისის ხორცშესხმა, სიმრავლეთა თეორიის პარადოქსების გადალახვისა და ლოგიკის აგების ჭეშმარიტი მეთოდი. ამ კონცეფციის შემუშავებისას გ-ზე გავლენა იქონია ს. წერეთლის შეხედულებებმა. მისი ძირეული დასკვნა არის დებულების ჭეშმარიტების დადგენა იმის ჩვენებით, რომ მისი უარყოფა (უარყოფის ფაქტი) თავის თავში შეიცავს გარკვეული სახის ლოგიკურ შეუძლებლობას – რეგრესს უსასრულობაში. მაგ., უძველესი დროიდან ცნობილ არგუმენტს ჭეშმარიტების უარმყოფელთა წინააღმდეგ გ. ძირეული დასკვნის სახით ასე აყალიბებს: ის, ვინც უარყოფს ჭეშმარიტებას, ე.ი. ამტკიცებს მის არარსებობას, მან უნდა უარყოს ეს მტკიცება, შემდეგ იგივე გააკეთოს ამ შესწორების მიმართ და ა.შ. უსასრულოდ. გ-ის მიხედვით, ძირეული დასკვნა მხოლოდ ჰგავს აპაგოგიურ დასაბუთებას (დასაბუთების წინააღმდეგობაზე დაყვანით). ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ძირეული დასკვნა არის დებულების ჭეშმარიტების აბსოლუტური (უწინამძღვრო) დასაბუთება. გ-ის თანახმად, ჭეშმარიტება და მისი დადგენა-დასაბუთება ერთიანი პროცესის ორი მხარეა. ლოგიკა არის ფილოს. დისციპლინა, რ-იც შეისწავლის ჭეშმარიტებას, მისი დადგენა-დასაბუთების კანონზომიერებას. აქედან გამომდინარე, ლოგიკა არ შეიძლება აიგოს აქსიომატურ-დედუქციური მეთოდით, რადგან მეთოდის გამოყენებისას თავდაპირველად საჭიროა შემოვიღოთ აქსიომები, რ-ებიც საშუალებას მოგვცემენ გამოვიყენოთ უკვე შემოღებული აქსიომები და ა. შ. ამ ლოგიკურად ყალბი სიტუაციის დასაძლევად უნდა მივმართოთ ლოგიკის აგების ისეთ მეთოდს, რ-იც ნათელს გახდის, რომ ლოგიკის ძირითადი დებულებების ჭეშმარიტება მათივე საშუალებით დადგინდება. ეს თვითდადგენა ძირეული დასკვნით ხორციელდება. გ-ის აზრით, მათ. ანუ სიმბოლური ლოგიკა არ არის ლოგიკა, ის მათ. დარგია, თუმცა მასში ხდება ლოგიკის აპარატის მათ. გადამუშავება.

თხზ.: სიმრავლეთა თეორიის დაფუძნების საკითხები, ტფ., 1934; მათემატიკური ანალიზის შესავალი, თბ., 1938; მათემატიკის საფუძვლები, თბ., 1957; О природе логического, Тб., 1958; Логика, т. 1–2, Тб., 1965–67.

ლიტ.: ჭ ო ღ ო შ ვ ი ლ ი გ., ლევან გოკიელი, თბ., 1976.

ლ. მჭედლიშვილი