გოგოლაშვილი ვალერიან (ვლადიმერ) გიორგის ძე (დ. 20. II. 1935, სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი), ჟურნალისტი. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1980).
დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1959) და მოსკოვის საფინანსო-ეკონ. ინ-ტი (1978). მუშაობდა გაზეთ „სოფლის ცხოვრების" რედაქციაში (1960–90). იყო გაზეთის პ/მგ მდივანი, რედაქტორის მოადგილე, მთ. რედაქტორი (1987–90).
XX ს. 70–80-იან წლებში თავი გამოიჩინა საქართვ. სოფლის მეურნ. წარმოების, მართვისა და ეკონომიკის პრობლემებისადმი მიძღვნილი სტატიებითა და ნარკვევებით. მისმა ანალიტიკურმა და კრიტიკულმა საგაზეთო პუბლიკაციებმა სათავე დაუდო იმდროინდელ სიახლეს – ჟურნალისტურ გამოძიებას. ნარკვევების ციკლისთვის „ნია გრუზინსკაიას ცხელი ზამთარი" მას მიენიჭა სსრკ ჟურნალისტთა კავშირის პრემია (1975).
გ. იყო შსს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი (1990). შსს პრესსამსახურთან ერთად გ. ზედიზედ ოთხჯერ დაჯილდოვდა საქართვ. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერ.) პრემიით – „ექსტრემალურ სიტუაციებში მამაცობისა და პროფესიონალიზმის გამოჩენისათვის" (1991–94). 1993 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.
1970–94 გ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტზე. არის ნარკვევების, რამდენიმე წიგნის, „პრესის თეორიისა და პრაქტიკის" სახელმძღვანელოს თანაავტორი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).