გოგოლაშვილი მიხეილ იოსების ძე [15 (28). III. 1902, სოფ. ჩანჩეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 11. III. 1957, ოდესა, დაკრძალულია ბათუმში], შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
დაამთავრა ბათუმისა (1922) და ხერსონის (1936) საზღვაო სასწავლებლები. იყო ბათუმის პორტის კაპიტანი (1935-იდან), შავი ზღვის ფლოტის შორეული ნაოსნობის კაპიტანი (1943-იდან).
II მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა ოდესის მოსახლეობის ევაკუაციასა და საბჭ. ჯარების საწვავით მომარაგებაში. გემებით გადაჰქონდა საწვავი ევროპის, ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში, აფრიკასა და ამერ. კონტინენტებზე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები.
ვ. ბარათაშვილი