გოგოლაშვილი (ხ ო ნ ე ლ ი) შალვა სიმონის ძე

 

შ. ს. გოგოლაშვილი

გოგოლაშვილი (ხონელი) შალვა სიმონის ძე [1 (13). I. 1887, ქუთაისი, – 1. XI. 1972, იქვე], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1961).

1904 დაამთავრა თბილ. ქართ. გიმნაზია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1905 ხონში. მსახიობად და რეჟისორად მუშაობდა თბილ. (1910–12), ქუთ. (1912– 17), ბაქოს ქართ. (1917–20), ბათუმის (1920–23), ფოთის (1923–26), ჭიათურის (1926–28) თეატრებში. 1928-იდან გარდაცვალებამდე ქუთ. თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. გამოირჩეოდა მაღალი პროფ. კულტურით.

შესრულებული აქვს 200-მდე როლი, რ-თა შორის აღსანიშნავია: პარასკიდი და კოწია (შ. დადიანის „კაკალ გულში" და „გუშინდელნი"), ლომკაცა (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება"), კოსტაია (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ელიზბარი (გ. შატბერაშვილის „ფიქრის გორა"), პასტორი (შილერის „ყაჩაღები"), ბენ აკიბა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის „რევიზორი") და სხვ. 1926-იდან იღებდნენ კინოში. როლები: მიკიტანი („სამანიშვილის დედინაცვალი", 1927), ფრანგი ოფიცერი („კომუნარის ჩიბუხი", 1929), მამულოვი („საკანი №79", 1930), მამასახლისი („უკანასკნელი მასკარადი", 1934), პრისტავი („დაკარგული სამოთხე", 1937), ნესტორი („კოლხეთის ჩირაღდნები", 1941).

გ-მა ქართ. თეატრისათვის თარგმნა და გადმოაკეთა 80-ზე მეტი პიესა.

ა. გვენცაძე