გოგიჩაიშვილი გიორგი გიორგის ძე (დ. 20. I. 1941, ბათუმი), ავტომატიკისა და ტელემექანიკის სპეციალისტი. საქართვ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წ.- კორ. (2009). ტექ. მეცნ. დოქტორი (1983), პროფესორი (1985).
1963 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი ავტომატიკისა და ტელემექანიკის სპეციალობით. 1971 მუშაობა დაიწყო ინ-ტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ლაბორატორიაში, შემდგომ – საქართვ. ტექ. უნ-ტის ახალდაარსებულ ინფორმატიკისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრაზე. გ. არის ამ კათედრის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1991–2007 იყო ამავე კათედრის გამგე. 2007-იდან არის საქართვ. ტექ. უნ-ტის ორგანიზაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი.
გ-ის სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებაა მართვის ავტომატიზებული სისტემების, მ. შ. ინტელექტუალური სისტემების დაპროექტების მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიის სრულყოფა სრულიად ახალი პრინციპების გამოყენებით. ეს პრინციპები საფუძვლად დაედო მისი ხელმძღვანელობით დამუშავებულ და დანერგილ მართვის ავტომატიზებულ სისტემას ქიმიური ბოჭკოების ექსტრაქციის პროცესების მართვისათვის, ასევე რობოტტექნიკურ კომპლექსს ანოდირებული ფირფიტების წარმოებაში.
გ. ასევე იკვლევს გადაწყვეტილებათა მიღების ინტელექტუალური სისტემების დამუშავების ახალ მეთოდებსა და მოდელებს, რ-ებიც საფუძვლად დაედო მეურნეობის სხვადასხვა დარგში მართვის ავტომატიზებულ და ექსპერტულ სისტემებს.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, 17 სახელმძღვანელო, 5 მონოგრაფია, მიღებული აქვს რამდენიმე საავტორო მოწმობა და პატენტი გამოგონებებზე.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა (2002) და გ. ნიკოლაძის მედლით (2006).
თხზ. : დაპროგრამების მეთოდები, თბ., 1997; მართვის ავტომატიზებული სისტემის დაპროექტება და აგება, თბ., 2001; Автоматизация принятия решений в системах управления, Тб., 1985.