გოგიჩაიშვილი ფილიპე გაბრიელის ძე (20. I. 1872, ლანჩხუთი, – 29. III. 1950, თბილისი), ეკონომისტი, პუბლიცისტი და საზ. მოღვაწე. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1935, თსუ-ის სამეცნ. საბჭომ დისერტაციის დაუცველად მიანიჭა ხარისხი), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1945), თსუ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და პროფესორი (1918–50), ქართული ეკონ. სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1901 დაამთავრა ლაიფციგის უნ-ტის ფილოს. ფაკ-ტის ეკონ. განყ-ბა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით. 1892-იდან ეწეოდა სამეცნ.- პუბლიც. მოღვაწეობას. 1918-იდან თსუ-ში კითხულობდა პოლიტ. ეკონომიის, ფინანსების, სტატისტიკისა და ეკონ. აზრის ისტორიის საუნივერსიტეტო კურსს.
მისი თაოსნობით სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტის ბაზაზე ჩამოყალიბდა სოც.-ეკონ. ფაკ-ტი. იყო აგრეთვე პოლიტ. ეკონომიის კათედრის ორგანიზატორი და გამგე. სტატისტიკის კათედრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.
გ-ის სამეცნ. შრომები ძირითადად საქართვ. და ამიერკავკასიის სხვა კუთხეების სოც.-ეკონ. და საზ.- პოლიტ. საკითხებს ეხება. მისი პირველი ფუნდამენტური ნაშრომი იყო სადოქტორო დისერტაცია „ხელოსნობა საქართველოში", რ-იც ტიუბინგენში (გერმანია) 1901 ცალკე წიგნად გამოიცა გერმ. ენაზე და რ-მაც საქართველოს ეკონომიკა გააცნო ევროპას.
1910 მისი რედაქციით რუს. ენაზე გამოვიდა კაპიტ. ნაშრომი „სტატისტიკური ცნობების კრებული კერძო მიწათმფლობელობის შესახებ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში", ორ ტომად.
გ-ის უშუალო მონაწილეობით თარგმნილი და რედაქტირებულია კ. მარქსის „კაპიტალის" I ტომი (1930), მანვე თარგმნა კ. მარქსის „ფილოსოფიის სიღატაკე" (1931), „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის" (1932), „კაპიტალის" II–III ტტ. (1932–34), „კომუნისტური პარტიის მანიფესტი" (1940), დ. რიკარდოს „პოლიტიკური ეკონომიისა და დაბეგვრის საფუძვლები" (1937), ა. სმითის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ" (ტ. 1, 1938) და სხვ.
გ-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართ. ფოლკლორისტიკაშიც. 1904 მან ანდერძით მიიღო პ. უმიკაშვილის მიერ შეკრებილი ქართ. ფოლკლორის ნიმუშების მდიდარი კოლექცია, რ-ის ნაწილი, ვრცელი წინასიტყვაობით, 1905 გამოაქვეყნა („სახალხო ლექსები"). 1937 გამოსცა ამ კოლექციის პოეტური ნაწილი („ხალხური სიტყვიერება", ტ. 1).
1905–06 რედაქტორობდა გაზ. „ივერიას", 1903–13 გ. იყო თბილისის საქალაქო სათათბიროს, აგრეთვე კავკასიის სოფ. მეურნეობის საზ-ბის სტატისტ. ბიუროს ხელმძღვანელი, 1914–16 – სრულიად რუსეთის საერობო კავშირის რწმუნებული ამიერკავკასიაში, 1917–18 – კახეთის რკინიგზის გამგეობის თავ-რე, 1918–20 – სახელმწ. კონტროლიორი (მინისტრი) საქართვ. დემოკრ. რესპ. მთავრობაში.
1945–50 შეთავსებით მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ეკონომიკის ინ-ტში.
გ-ის ნეშტი 2002 წ. 13 სექტემბერს ვაკის სასაფლაოდან გადაასვენეს თსუ-ის ეზო-სავანეში.
2008 საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიამ დააწესა მისი სახელობის პრემია ეკონომიკის დარგში.
თხზ.: რჩეული ნაწერები, პ. გუგუშვილის რედ., ტ. 1, თბ., 1974; ხელოსნობა საქართველოში, თბ., 1976; Малоземелье среди крестьян Закавказья, Тфл., 1903; Das Gewerbe in Georgien unter besonderer Berücksichtigung der primitiven Betriebsformen, Tübingen, 1901.
ლიტ.: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი პ., ფილიპე გოგიჩაიშვილი. ცხოვრება და მოღვაწეობა. ბიბლიოგრაფია, თბ., 1973; საღარეიშვილი ო., ბურჯი ქართული ეკონომიკური აზროვნების აღორძინებისა, თბ., 2003.