გოგიბერიძე მოსე ივანეს ძე

 

მ. გოგიბერიძე

გოგიბერიძე მოსე ივანეს ძე (27. VIII. 1897, სოფ. ქვენობანი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 10. X. 1949, ქ. აქტიუბინსკი, ყაზახეთი), ფილოსოფოსი.

1918 დაამთავრა ხონის სამასწავლებლო სემინარია. 1918–22 სწავლობდა ბერლინისა და მარბურგის უნ-ტებში. 1922 მარბურგში ნ. ჰარტმანის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სოლომონ მაიმონის აზროვნების თეორია კანტთან და ლოგიკური იდეალიზმის შემდგომ განვითარებასთან მიმართებით".

1923-იდან მუშაობა დაიწყო თსუ-ში. 1930-იდან იყო პროფესორი, 1933-იდან – ბუნების დიალექტიკის კათედრის გამგე, 1939-იდან – ფილოს. კათედრის გამგე.

საბჭ. ფილოსოფოსებს შორის გ-მ ერთ-ერთმა პირველმა გამოიკვლია ფილოს. და ბუნებისმეცნიერების ურთიერთმიმართების პრობლემები („აინშტაინის რელატივობის თეორია და მისი ფილოსოფიური საფუძვლები", 1924; „შემეცნების აქსიომატური დასაბამი", 1926).

აზროვნებისაგან დამოუკიდებელი ობიექტური რეალობის პრობლემის კვლევისას შექმნა ორიგინ. თეორია. ცალმხრივი დასკვნა გააკეთა შემეცნებისა და, საერთოდ, აზროვნების როგორც ნეგაციის შესახებ („შემეცნების აქსიომატური დასაბამი", 1926). მან ამ პოზიციაზე ფორმალური უარი გამოთქვა წიგნით „ლენინი როგორც ფილოსოფოსი" (1930), სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭეშმარიტებისა და დაპირისპირებულთა ერთიანობის პრობლემათა ანალიზი. ამ შრომის მოსამზადებელ ეტაპზე გ-მ დაწერა შრომები: „ისტორიული მატერიალიზმი" (ქრესტომათია, 1927), „კარლ კაუცკის ახალი ფილოსოფია" (1928), „მატერიალიზმისა და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე" (1928), „მეცნიერება და რელიგია" (1929).

დიდ ყურადღებას უთმობდა თანამედროვე დასავლური ფილოს. კრიტიკას (ო. შპენგლერი, ჰ. კაიზერლინგი, ა. როზენბერგი და სხვ.).

მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართ. ფილოს. ისტორიის კვლევაში („პეტრიწი და მისი მსოფლმხედველობა", 1940). გ-მ 1940 სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის „მოამბეში" (ტ. 1. №5) გერმ. ენაზე პირველმა გამოაქვეყნა ნარკვევი პეტრიწის შესახებ (1978, ქართ. ენაზე). მნიშვნელოვანია გ-ის თარგმანები (ო. შპენგლერისა და ი. კანტის შრომები).

1941 გამოსცა „ფილოსოფიის ისტორია" (ტ. 1. კანტამდე), რ-იც თსუ-ში სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა.

საყურადღებო ნარკვევები მიუძღვნა ნ. ბარათაშვილის „მერანს", ი. ნიკოლაძის „ჩახრუხაძეს", რუსთაველის ესთეტიკას. განიხილა პოემის მსოფლმხედველობის კავშირი ქართულ ქრისტ. მწერლობასა და საერთოდ, ქრისტიანულ კულტურასთან. მოგვაწოდა საინტერესო დაკვირვებები ვეფხისტყაოსნის რენესანსული სულისკვეთებისა და პოეტური ენის შესახებ. გააშუქა იოანე პეტრიწის, ი. ნიკოლაძისა და ზ. ფალიაშვილის შემოქმედების ზოგიერთი საკითხი.

1942 გ. ცილისწამების საფუძველზე დააპატიმრეს და ყაზახეთში გადაასახლეს. გარდაიცვალა იქვე.

თხზ.: რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი 4 ტომად, თბ., 1970–78 (ბიბლიოგრ. მე–3 ტომში).

ლიტ.: უ რ ი დ ი ა  ბ., მ. გოგიბერიძის ფილოსოფიური მემკვიდრეობა, თბ., 1984; ცაიშვილი ს., ლიტერატურული წერილები, თბ., 1966; ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, [ტ.] 5, თბ., 1974.

გ. თევზაძე